საერთაშორისო განათლების გამოფენას "რედისონ ბლუ ივერიამ" უმასპინძლა. განათლების პროგრამა მოიცავს მაგისტრატურასა და ბაკალავრიატს საზღვარგარეთ, კერძოდ: რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.
დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდათ სასწავლო დაწესებულების შერჩევის ინდივიდუალური კონსულტაციები. მსურველები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ, ასევე, სპეციალური მასტერ-კლასებისა და პრეზენტაციების მეშვეობით.
"დღეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში. ჩვენ აქ გვყავს თხუთმეტი წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა: რუსეთი, საფრანგეთი და შვეიცარია. ეს გამოფენა საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი. ნახსენებ ქვეყნებში გვაქვს უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა. ამ ქვეყნებს შორის არის ასევე საქართველოც" - გვითხრა გამოფენის ორგანიზატორმა თიმ თოლმაჩევმა.
გამოფენის დამთვალიერებელი იყო სტუდენტი სალომე ქეშელაშვილი, რომელსაც მაგისტრატურის გავლა უცხოეთში სურს - "მაგისტრატურა მსურს გავიარო ევროპაში. ამიტომაც დავინტერესდი გამოფენით. მსურდა გავცნობოდი სხვადასხვა უნივერსიტეტის შემოთავაზებებს".
ზურა ტუღუშიც საერთაშორისო გამოფენის დამსწრე იყო, რომელმაც გვითხრა, რომ კონსულტაციითა და მომსახურების ხარისხით კმაყოფილი დარჩა.