“ძალადობა და ძალადობის პრევენცია“
03 დეკემბერი, 2014
“ძალადობა და ძალადობის პრევენცია“ ბეჭდვა FaceBook Twitter

სამების საკათებდრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია თემაზე: "ძალადობა და ძალადობის პრევენცია" ჩატარდა.

კონფერენცია მოძრაობა "დავითიანნის" ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ასაკისა და განათლებისა.

კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: ძალადობა გენდერული ნიშნით, ფიქოლოგიური ძალადობა ოჯახში, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ძალადობის სხვადასხვა გამოხატულება ( ასაკთან, რელიგიასთან, რასასთან მიმართებაში).

"დავითიანნის" ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო კერესელიძის თქმით, მონაწილეების მიღება იყო თავისუფალი და დემოკრატიული, არც ასაკობრივი ზღვარი ყოფილა დაწესებული.

"მონაწილეობის მიღების მსურველებმა გადმოგზავნეს სკონკურსო ნამუშევრები, რომელიც მინიმუმ 1500 სიტყვა უნდა ყოფილიყო. შემდეგ, ჟიურიმ შეარჩია 13 საუკეთესო, რისი პრეზენტაციაც დღეს შედგება. ასაკობრივ ზღვარში ყველაზე პატარა 11 წლის ნათია ჩიტიშვილი გვყავს. ის კონკურს გარეშე გამოდის იმიტომ, რომ მისი თემა შედარებით მცირეა, თუმცა, თემას ნამდვილად სწორად და ადეკვატურად პასუხობს. ჩვენ ძალადობის პრევენციას, რა თქმა უნდა, ამით ვერ შევძლებთ, მაგრამ ინფორმაცია გავრცელდება და ეს იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის შთამაგონებელი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს კონფერენცია ჩაგვეტარებინა" - გვითხრა ნინო კერესელიძემ.

კონფერენციაში ერთ-ერთი მონაწილის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ანა ფეოდოროვის თქმით, მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს თემა დღეს ძალიან აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "მე განვიხილავ ძალადობას, როგორც სოციალურ პრობლემას, ევროპული ქვეყნების მაგალითზე. რა მდგომარეობაა საქართველოში და მუსლიმანურ ქვეყნებში, ასევე, ვსაუბრობ ამ ყველაფრის პრევენციაზე. მე ვფიქრობ, ასეთი კონფერენციები არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. მე თუ ამაში სულ მცირე წვლილს შევიტან, ვიქნები ბედნიერი" - აღნიშნა ანა ფეოდოროვმა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოადგინა 13-მა მომხსენებელმა, რომლებიც ჟიურიმ შეარჩია.

ყოველ შერჩეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. I, II, III ადგილას გასულ მონაწილეებს კი საჩუქრები გადაეცათ, როგორც "დავითიანნი"-სგან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისგან.