„თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები“
21 დეკემბერი, 2014
„თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები“ ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნირო კონფერენცია. მისი მთავარი თემა იყო „თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები.“ კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 11 ნაშრომი, რომელიც საკონკურსო წესით შეირჩა 30 ნამუშევარს შორის.

მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ და გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გაწეული შრომისთვის. კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, წარმოდგენილი იყო საკმაოდ კარგი ნაშრომები. რა თქმა უნდა, იყო შენიშვნებიც, დისკუსია, ხშირ შემთხვევაში, ცხარე კამათიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, კონფერენცია შედგა. მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო სამომავლო კვლევებში“ - თქვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა ზაქარია ქიტიაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისგან გადაეცათ სერტიფიკატები, გამომცემლობა ,,რადარამისგან“ - უახლეს, ქართულ ენაზე ნათარგმნი სამეცნიერო ლიტერატურა. ასევე, ელექტრონული წიგნების სახლმა ,,საბა“ თითოეული მონაწილე დააჯილდოვა 10 ელექტრონული წიგნით.
„კონფერენცია ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. საინტერესო და აქტუალური თემა იყო შერჩეული. ჩემი აზრით, ჟიურიც კომპეტენტური და ადეკვატური იყო“- თქვა პირველ ადგილზე გასული ნაშრომის ავტორმა თსუ-ს სტუდენტმა ნატო ვარაზაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ მივიღე კონფერენციაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე. ეს იყო ყველაზე კარგად ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია, რაშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა, იქნება ეს პრიზების, რეგლამენტის, შეფასების კრიტერიუმების მხრივ“- თქვა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გრიგოლ კალანდაძემ.

კონფერენცია ორგანიზატორებმაც შეაფასეს. განათლების, მეციერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ანანო წიტაიშვილის თქმით, კომიტეტი უკვე 7 თვეა, რაც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას.

სტუმრებს საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მომხსენებლებისათვის დაესვათ მათთვის საინეტერსო კითხვები.