არა “Charlie Hebdo”-ს!
29 იანვარი, 2015
არა “Charlie Hebdo”-ს! ბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს საფრანგეთში გამომცემლობა "Charlie Hebdo"-ს მხრიდან ისლამის წინასწარმეტყველის მუჰამედის შეურაცხყოფის გამო.

აქცია ძველი პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.

სტუდენტების მთავარი სათქმელი ის იყო, რომ სხვისი ღირებულებები არ უნდა შეურაცხყონ. პატივი უნდა სცეს ყველამ, როგორც ერთმანეთს, ისე სარწმუნოებას. არა - "Charlie Hebdo"-ს, არა - ტერორიზმს, არა - კაცის კვლას, არა - სხვისი ღირებულებების შეურაცხყოფას.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ჯეიხუნ ნარზალოვის თქმით, აქცია საქართველოს სტუდენტების მიერაა მოწყობილი. "მოგეხსენებათ საფრანგეთში მუსლიმების წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურები გამოაქვეყნეს და ამას დაარქვეს სიტყვის თავისუფლება, ამიტომაც გადავწყვიტეთ აქციის მოწყობა. ჩვენ ვგმობთ ასეთი სიტყვის თავისუფლებას. თუ მე შენი დედის ან მამის გინება, შეურაცხყოფა არ შემიძლია, ამის უფლებაც არ მაქვს. მით უმეტეს თუ შენი წინასწარმეტყველი შენს დედასა და მამაზე მაღლა დგას, მაშინ როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო წინასწარმეტყველს. დღეს წინასწარმეტყველის მიმართ გამოვხატეთ სიყვარული, ასევე, ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე და თუ გიყვარს უფალი ე.ი მისი წინასწარმეტყველიც უნდა გიყვარდეს".

აქციაში მონაწილეობას, როგორც სტუდენტები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მუსლიმანებიც იღებდნენ.
"ამ აქციაში ყველა ასაკის, პროფესიის, ვინც კი მუსლიმია და ვისაც მიაჩნია, რომ არასწორია, როდესაც ისლამი და მუსლიმი ასოცირება ტერორიზმთან, მონაწილეობას იღებს. პროტესტი გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ. არ გვინდა, რომ ისლამი ასოცირდებოდეს ტერორთან, ცუდთან, არ გვინდა რომ შეურაცხყონ ჩვენი წმინდანები" - გვითხრა აქციის მონაწილე მირა მამედოვამ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც სტუდენტებმა მოაწყვეს, მშვიდობიანი იყო.