საზოგადოებრივ კოლეჯში “მერმისი“ ღია კარის დღე გაიმართა
18 თებერვალი, 2015
საზოგადოებრივ კოლეჯში “მერმისი“ ღია კარის დღე გაიმართა ბეჭდვა FaceBook Twitter
საზოგადოებრივ კოლეჯში "მერმისი" რამდენიმე დღეა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს.

"მერმისი" 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ხუთი ძირითადი მიმართულებით. აქ შესაძლებელია აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნების, ინჟნერიისა და მიმართულებათაშორისო სპეციალობების დაუფლება. ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სწავლის მსუველთა ასაკი შეუზღუდავია. 2013 წლიდან კოლეჯი ჩართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირება უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. სასწავლო გარემოსთან ერთად, შშმ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია საჭირო სასწავლო რესურსები.

კოლეჯში განხორციელებულ სიახლეებსა და ბოლო პერიოდის ახალ პროექტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო, ასევე სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესითაც დაინტერესდა და მომავალ პროფესიულ სტუდენტებსაც შეხვდა.

"საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი" ინტენსიურ რეჯიმში მუშაობს, რეგისტრაციაც ახალი საგანმანათლებლო სეზონისთვის მიმდინარეობს. 34 პროგრამა, რომელსაც სთავაზობს კონკრეტულად ეს კოლეჯი ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, სრულად სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და აუცილებელია, რომ ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ. სიახლე არის ისიც, რომ თუ აქამდე არ იყო მომიჯნავე მიმართულებების დაფინანსება, დღეს უკვე შესაძლებელია, რაც ნამდვილად კიდევ უფრო მეტ არჩევანს აძლევს სტუდენტს. კოლეჯი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი ადაპტირება მოხდა უნივერსალური პროექტის მიხედვით, რაც ნიშნავს, იმას რომ სპეციალური საგნამანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ და მიიღონ კარგი კვალიფიციური სერვისი. ამ კოლეჯზე არის ნამდვილად დიდი მოთხოვნა. ტარდება ღია კარის დღეები. ინფორმაცია ვრცელდება სკოლებში, პედაგოგებში, მშობლებსა და ახალგაზრდებში. აუცილებლად დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლას სრულად სახელმწიფო აფინანსებს" - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

კოლეჯში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და შემდგომ მათი დასაქმება. კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან სხვადასხვა კომპანიაში: "თეგეტა მოტორსი", "ახალი ქსელები", "სამოსელი პირველი", "ეტალონი", რესტორანი "ბაბილო" და სხვა.

ნოდარ ვიბლიანის თქმით, ამ კოლეჯში ჩაბარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აქ სწავლის დამთავრების შემდეგ ასაქმებენ: "მირჩიეს, რომ ამ კოლეჯში ჩამებარებინა. სწავლას ვაპირებ მეფილეობაზე. აქ ისე ასწავლიან, რომ არ გამიჭირდება დასაქმება. მაქვს გეგმები, მომავალში ამ კოლეჯში მიღებული საბუთით ვაპირებ მუშაობას".

შეგახსენებთ, რომ კოლეჯში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 5 მარტს დასრულდება.