„შეხვედრის საბაბი“
17 მარტი, 2015
„შეხვედრის საბაბი“ ბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პროექტის "შეხვედრის საბა-ბი" პრეზენტაცია გაიმართა.

იგი გულისხმობს ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატების საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ციკლს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება. პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საჯარო ლექციით "პოეზია, როგორც თავისუფლებაში ვარჯიში" გაიხსნა.

"პროექტის ფარგლებში უკვე ვესტუმრეთ წეროვანს. სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ჩავუტანეთ "საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც 1000–ზე მეტ წიგნს აერთიანებს. ელექტრონული წიგნები ლიტერატურის მომავალია. "საბა" მაქსიმალურად ცდილობს, ფეხი აუწყოს დროის მოთხოვნას" – გვითხრა პოეტმა რატი ამაღლობელმა.

ელექტრონული წიგნების სახლის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სიახლის შესახებ აცნობეს. ყველა შემოქმედებითად მოტივირებულ სტუდენტს საშუალება ექნება, დარეგისტრირდეს ელგამომცემლად, განათავსოს და გაყიდოს თავისი ნაწარმოებები saba.com.ge-ზე, რომელსაც ამჟამად 70 000 მდე მომხმარებელი ჰყავს. მათი თქმით, "საბა" თავადვე იზრუნებს ტექსტის რედაქტირებასა და პოპულარიზაციაზე. 

თსუ–ს პროფესორმა დარეჯან თვალთალაძემ პროექტი შეაფასა: "ძალიან საინტერესო პროექტია. სახელიც სიმბოლური აქვს. ერთი მხრივ, წარმოდგენილია "საბა" პრემია და მეორე მხრივ, ეს არის საბაბი მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვართ. საბაბი იმისა, რომ მეტი იკითხონ, მეტი მოისმინონ და იმსჯელონ".

მისულ სტუმრებს საჩუქრად კულტურასა და ხელოვნებაზე გამოცემული ჟურნალი "თიბისი" გადაეცათ.