სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.
გაეროში ახალგაზრდობის სრულუფლებიანი ელჩის არჩევის პროცედურა სამეტაპიანია. პირველ საფეხურზე მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას ინგლისურ ენაზე გაივლიან, ფინალურ ეტაპზე კონკურსანტები საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგებიან ასევე ინგლისურ ენაზე.
"პროექტს აქვს მასტიმულირებელი ფუნქცია ახალგაზრდებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და აქტიურობა საქართველოს უკეთ წარმოჩენის მიზნით" - თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში ერთწლიანი მანდატი აქვს, რომლის დროსაც ის კონსულტაციებს გადის, ქვეყნის მასშტაბით ატარებს შეხვედრას, მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში ნიუ იორკში, სადაც გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენაში იღებს მონაწილეობას, ამავე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის და ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში იღებს მონაწილეობას.
"განუზომელია ის გამოცდილება, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღე, იმედია ამ წელს ბევრი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, რადგან დელეგატს საინტერესო სამუშაო ელის, გაერო 70 წლის ხდება და ამ თარიღთან დაკავშირებით მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება უკვე დაგეგმილია" - თქვა ახალგაზრდობის მოქმედმა წარმომადგენელმა გაეროში ლაშა შაყულაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 25 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადები 2015 წლის 8 მაისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კანდიდატი 2015 წლის ივნისის თვეში გამოვლინდება.
პროექტი უკვე 3 წელია სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. მასში მსოფლიოს 20 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.