სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“ გაიხსნა
29 აპრილი, 2015
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“  გაიხსნა ბეჭდვა FaceBook Twitter
29-30 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე".

ფესტივალი ტარდება 2013 წლიდან და ინიცირებულია ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.

2015 წლის ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე" ტრადიციულად ღონისძიებათა რამდენიმე ბლოკს მოიცავს: სამეცნიერო კონფერენცია და სადისკუსიო კლუბი - სტუდენტთა, მაგისტრანტთა, დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო თემების პრეზენტაცია, პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა; ახალი ქორეოგრაფიული გამოცემების პრეზენტაციები; თემატური გამოფენა; ვორკშოპი - შეხვედრა წარმატებულ ქორეოგრაფებთან/მოცეკვავეებთან; საკონცერტო პროგრამა - სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის წარდგენა და ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების ნამუშევრების ჩვენება.

ორგანიზატორმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანანო სამსონაძემ განაცხადა: ,,29 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს ცეკვის საერთაშორისო დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ვინაიდან აქ გვაქვს ქორეოგრაფიული მიმართულება, გაგვეხალისებინა ეს დღე. სამი წლის წინ დავაფუძნეთ ფესტივალი ,,ტერფსიქორე" (ცეკვის მუზა ბერძნულ მითოლოგიაში). პირველი ორი წელი ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული კოლექტივები თბილისის მასშტაბით. ამჯერად კი რესპუბლიკის მასშტაბით იღებენ მონაწილეობას. ფესტივალი არა მხოლოდ საკონცერტო პროგრამითაა დატვირთული, არამედ ეს არის სამეცნიერო მუშაობის პრეზენტაციაც. ფესტივალი ორდღიანია. პირველი დღე დაეთმობა საგამოფენო სივრცის გახსნას, სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებასა და ვორკშოპს, რომლის დროსაც სტუდენტების შერჩევით ვიწვევთ საინტერესო მოცეკვავეს ან ქორეოგრაფს და ისინი ატარებენ მასტერკლასებს. მეორე დღეს გაიმართება საკონცერტო პროგრამა. ფესტივალის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ყოველწლიურად ჩატარებულიყო. მომავალში გვინდა, რომ ფესტივალი საერთაშორისო გახდეს და მოვიწვევთ მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრებს".

,,მივიღე მონაწილეობა ვახტანგ ჭაბუკიანის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში. ჩემს ჯგუფელებთან ერთად დაგვაჯილდოვეს. მადლობას ვუხდით ქალბატონ ანანოს ამ ფესტივალის ჩატარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ კონფერენციაში ვიღებთ მონაწილეობას" - აღნიშნა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტმა თათია შარვაძემ.

ფესტივალის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშემსრულებლო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და მისი პროპაგანდა-პოპულარიზაცია უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში.