„ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხი აინტერესებთ“
11 მაისი, 2015
  „ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხი აინტერესებთ“ ბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კლუბმა "ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანებამ" ჩაატარა კვლევა - "სტუდენტების დამოკიდებულებების შესწავლა სამოქალაქო აქტივიზმისადმი". კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 800 რესპონდენტი თბილისის 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში. კვლევის მიმდინარეობას, მონაცემთა შეგროვებასა და საბოლოო დამუშავებას, დაახლოებით, 2 თვე დასჭირდა. 

აღნიშნულ კვლევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მონაწილეობდა, თუმცა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგთა კლუბის ინიციატივით ხდება ამ კვლევის შედეგების ზოგადი ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებული სტუდენტებისათვის.

პრეზენტაციისას აუდიტორიას გააცნეს კვლევის მიზეზები, მიმდინარეობის თავისებურებები და საბოლოო შედეგები. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, გამოკითხული სტუდენტები პასუხობდნენ კითხვებს: როგორ იგებენ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივობების შესახებ? გამოთქვამენ თუ არა საჯაროდ საკუთარ აზრს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე? რა სახის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას და ა.შ. 
კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტთა უმრავლესობა (55 %) საჯაროდ გამოთქვამს საკუთარ აზრს, 66% ამას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს, 17% უშუალოდ მონაწილეობს დემონსტრაციებსა და აქციებში, 11% საკუთარ აზრს მოხსენებებითა და კონფერენციებით გამოხატავს, ხოლო სტუდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი (3%) იყენებს მედიას საკუთარი აზრის ღიად სათქმელად.

რაც შეეხება საპროტესტო ხასიათის აქციებს, კვლევის შედეგების თანახმად, სტუდენტები ყველაზე ხშირად მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით მოწყობილ აქციებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად მათ აინტერესებთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხი. 

"ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების" კულტურული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო კანდელაკის თქმით: "ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა და მისი მიზანია ახალი, განსხვავებული და პროდუქტიული სტუდენტური გარემოს შექმნა, რომელიც დააკავშირებს მომავალ სოციოლოგებს და გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. ამჟამად გაერთიანება შედგება 40-მდე წევრისგან თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან".