„გოგონა საცვლების გარეშე“
29 ოქტომბერი, 2015
„გოგონა საცვლების გარეშე“ ბეჭდვა FaceBook Twitter
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში თანამედროვე ქართველი მწერლის ლელა დადა ლაშხის წიგნის "გოგონა საცვლების გარეშე" პრეზენტაცია გაიმართა.

რომანი მწერლის ბოლო ნამუშევარია და მასში მოთხრობილია მისი მეგობრის, ეკო ცეცხლაძის, ისტორია. საფრანგეთში მოღვაწეობის გამო ავტორი პრეზენტაციას არ ესწრებოდა და "სკაიპის" მეშვეობით დაელაპარაკა მკითხველს. მისი თქმით, წიგნს ორი ავტორი ჰყავს: ერთი, რომელმაც მეორეს მოუთხრო და მეორე, რომელმაც მონათხრობი წიგნად აქცია. ლელა დადა ლაშხმა ისაუბრა წიგნის დაწერის მიზეზებზე, მან აღნიშნა, რომ ადამიანები არ ლაპარაკობენ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და არ ლაპარაკობენ სიმართლეს. მათ უყვართ შენიღბვა, შელამაზება. "ეს წიგნი სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ ლიტერატურასა და ხელოვნებაში შელამაზება არ უნდა არსებობდეს. გოგონა, რომლის ისტორიაც წიგნში წერია, არის ძალიან მარტივი და თავისუფალი, როგორიც არის სინამდვილეში ყველა ადამიანი, თუმცა, ტრადიციებმა და საზოგადოებამ წაართვეს ადამიანებს ეს თავისუფლება და სილაღე, რაც აუცილებელია, რომ შეინარჩუნონ" - განაცხადა ავტორმა ჩართვისას.

წიგნზე ასევე ისაუბრა ლელას მეგობარმა ეკო ცეცხლაძემ. მას სურდა საკუთარ ისტორიაზე წიგნის დაწერა, თუმცა, თავად ამის გაკეთება არ შეეძლო. ეკო ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ყველა ისტორია, რომელიც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია, მასზეა და მადლობა გადაუხადა ლელას, სხვისი ისტორიები ასეთ ლამაზ წიგნად რომ აქცია. პრეზენტაციაზე რამდენიმე სიტყვა თქვეს ლელას მეგობრებმა, მათ აღნიშნეს, რომ სათაური "გოგონა საცვლების გარეშე" არ არის შერჩეული ინტრიგის გამო, როგორც ეს ზოგიერთ მწერალს ახასიათებს, ლელა არ ცდილობს, მოხიბლოს მკითხველი, მას აღწერილი აქვს გაშიშვლების პროცესი, რომელიც მოგვითხრობს: "მე აი, ასე გავშიშვლდი, აი, ასე გავთავისუფლდი". 

ლელა დადა ლაშხი ამ დროისთვის პარიზში მოღვაწეობს, დაწყებული აქვს ახალი რომანი, რომელის დასრულებასაც 2016 წლის გაზაფხულისთვის გეგმავს. მისი დაწერილი პიესის მიხედვით 2014 წლის ივნისში პარიზის ანტუანის თეატრში დაიდგა სპექტაკლი სახელწოდებით - "მიდი, გაიქეცი" ("cour, cour, encour"), რომელმაც ფრანგი მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.