მედიაწიგნიერება
07 დეკემბერი, 2015
მედიაწიგნიერება ბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "რატომ მედიაწიგნიერება?"

ლექცია წაიკითხა ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჟურნალ "მასწავლებელის" და ინტერნეტგაზეთ "მასტსავლებელი.გე"-ს მთავარმა რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ.

საჯარო ლექცია ჩატარდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
მომხსენებელმა ისაუბრა მედიაწიგნიერებასა და ინფორმაციული განათლების რაობაზე. განიხილა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პედაგოგიკასა და უმაღლესი განათლების მიღების პროცესში ინფორმაციის როლი. მისივე თქმით, ინფორმაციული განათლება ახალგაზრდებში ხელს უწყობს კითხვის გაჩენას, შეფასებასა და მულტიმედიური კულტურის არსის გაგებას, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის. კიდევ ერთი ყურადსაღები საკითხია იმის გააზრება, რომ ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან ყოველთვის ვიღებთ უკუკავშირს და ძალაუნებურად ვხდებით ინფორმაციის გამავრცელებელი.

"ბევრი ინფორმაციის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინფორმირებული ადამიანები ვართ. ინფორმაციის სიუხვე თავისთავად ვერ შეუწყობს ხელს უფრო ინფორმირებული ადამიანის ჩამოყალიბებას, რადგან, ძირითადად, ინფორმაცია გაუფილტრავი სახით აღწევს ჩვენამდე. ინფორმაციის მოპოვების გაადვილებამ მოიტანა ის მდგომარეობა, რომ თუ ადამიანები ადრე უამრავი ლიტერატურის გავლით პოულობდნენ სასურველ ინფორმაციას, რასაც დიდი დრო და ადამიანური რესურსი ჭირდებოდა, დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე საძიებო სისტემა და მცირე დროში ბევრი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი" - განაცხადა ნატალია ინგოროყვამ.

დამსწრე საზოგადოებას გადაეცა ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მედიაწიგნიერება ბევრ კონტექსტშია განხილული.