სექსუალობა და გენდერი
08 დეკემბერი, 2015
სექსუალობა და გენდერი ბეჭდვა FaceBook Twitter
"ფრონტლაინ ჯორჯიაში" საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სექსუალობა და გენდერი-ტრანსგრესიის შესაძლებლობა".

ლექციას უძღვებოდნენ: ეკატერინე აღდგომელაშვილი - გენდერის სპეციალისტი, ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი და თათია კეკელია - სოციოლოგი.
მათ ტრანსგენდერი განმარტეს, როგორც კრებითი სახელი, რომელიც აერთიანებს ორზე მეტ გენდერს ან როცა ერთ ადამიანში ორ სქესი ერწყმის ერთმანეთს. 

მომხსენებლებმა გენდერის თემის მიმოხილვა უძველესი დროიდან დაიწყეს და მითოლოგიურ კულტებზე ისაუბრეს, რადგან მათი თქმით, დამოკიდებულება როგორც სექსუალობის, ისე მისი სხვადასხვა ასპექტის მიმართ იცვლება, როგორც დროში, ისე - საზოგადოებიდან საზოგადოებაში. 

ეკატერინე აღდგომელაშვილმა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის სექსუალური მითოლოგია მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ ადამიანი ადამის სახით თავიდანვე მოიცავდა ორ სქესს და შემდეგ მათგან ერთ-ერთი დაითრგუნა. გენდერული როლების ტრანსფორმაცია გვხვდება ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაშიც. ბერძნულ მითოლოგიაში წინასწარმეტყველი ტირესია შვიდჯერ იცვლის სქესს. "არაბულ კულტურაში ვხვდებით მიმდინარეობას, დაჯგუფებას "მუხანათებს", იგივე "მოცეკვავე ბიჭებს", რომლებიც უარს ამბობენ მამაკაცის სექსუალური თვისების შეთავსებაზე, ისინი იღებენ გამაბრუებელ აბებს, საჭურისდებიან და შემდგომ სახალხოდ ცეკვავენ" - აღნიშნა ეკატერინე აღდგომელაშვილმა.

ლელა გაფრინდაშვილმა სხვა ქვეყნის ხალხის სექსუალობა მიმოიხილა კულტურასა და რელიგიაში. მისი თქმით, მრავალ ქვეყანაში გარცელებული იყო სატაძრო პროსტიტუცია და ასევე კასტრატი ქურუმები, რომლებიც უარს ამბობდნენ სექსუალურ ცხოვრებაზე და ქალღმერთს სწირავდნენ ყველაზე ძვირფასს, მათი აზრით, ეს ღმერთთან მიახლოებას ნიშნავდა. ეს იყო ე.წ. მესამე სქესი, ყოფნა არც ქალად და არც კაცად: "ალბანეთში არის ასეთი გაერთიანება "ქალწული" მამაკაცები, ისინი არიან ქალები, რომლებიც ასრულებენ მამაკაცის როლს, თუმცა, ამისთვის ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ მათ სამუდამოდ უარი უნდა თქვან სექსუალურ კავშირზე. ამ ფორმით ისინი საჯარო სივრცეში მკვიდრდებიან და სოციალური ცხოვრების უფლებას იღებენ". 

თათია კეკელიამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა, ძირითადად, 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. კვლევაში შესული იყო კითხვები ოჯახურ თანაცხოვრებაზე, ღალატზე, სექსზე, ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე, ქალისა და კაცის უფლებებზე ოჯახში და სხვა. კვლევის შედეგებში ქალებისა და მამაკაცების პასუხები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგალითად, თუ კაცების 83% მიიჩნევს, რომ ცოლს ღალატს არ აპატიებს, ქალების თითქმის იგივე პროცენტი ქმრის ღალატს არ მიიჩნევს დანაშაულად. ბიჭების 89% არ მოიყვანდა ცოლად არაქალიშვილს, ხოლო გოგონების 76% მიიჩნევს, რომ არ არის სასურველი ორივე იყოს გამოუცდელი. "ქმარი სექსუალური გამოცდილებით უფრო მისაღებია" - აღნიშნულია გოგონების მიერ შევსებულ გრაფებში.

საბოლოოდ, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა სულ ცოტა 88%-ს ქორწინებამდე არ ჰქონია სექსუალური კავშირი მეუღლესთან, ხოლო გამოკითხულთა 77%-სთვის ქორწინება არის სოციალური სტატუსი და თვითრეალიზაციის ფაქტორი.