„ილიაუნის მენეჯერთა კლუბი“
12 დეკემბერი, 2015
„ილიაუნის მენეჯერთა კლუბი“ ბეჭდვა FaceBook Twitter
"ილიაუნის მენეჯერთა კლუბი" არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესფაკულტეტის ბაზაზე დაფუძნებული კლუბი, რომელსაც აქტიური წვლილი შეაქვს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

კლუბი რეგულარულად აწყობს საქართველოში არსებული წარმატებული კომპანიების მენეჯერების მოწვევას და უზრუნველყოფს სტუდენტების მათთან შეხვედრას, დისკუსიების მოწყობასა და მომავალი მენეჯერული საქმიანობის შესახებ კომპეტენტური რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემას. ამ კლუბის მეშვეობით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მოახდინონ პრაქტიკულ საქმიანობაში. როგორც "მენეჯერთა კლუბის" პრეზიდენტმა ლაშა გაგოიძემ აღნიშნა: "ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანია, მენეჯმენტის სფეროს პოპულარიზაცია მოვახდინოთ, როგორც ილიას უნივერსიტეტის სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კლუბის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და მათში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. ამ სასწავლო წელს გვქონდა ორი საჯარო ლექცია: ბუღალტერია და მოტივაციის ძალა. თუმცა, მხოლოდ საჯარო ლექციებზე არ ვართ ორიენტირებულები. ვატარებთ ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს. ამ ეტაპზე მენეჯერთა კლუბის წევრთა რაოდენობა 30 ადამიანს აღწევს და პერიოდულად ვიღებთ ახალ წევრებს".

"მენეჯერთა კლუბს" რამდენიმე დეპარტამენტი აქვს. ესენია: სპონსორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა სივრცისა და კონტროლის, პიარის, ტექნიკური და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტები.

"მენეჯერთა კლუბი" ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი წევრების მიღებას აცხადებს. ახალ წევრებს კლუბის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას აწვდიან, რათა მათ შეძლონ ჩაერთონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.