ქალთა ღირსება და უფლება ისლამში
18 იანვარი, 2016
ქალთა ღირსება და უფლება ისლამში ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის" ორგანიზებით ჩატარდა საგანმანათლებლო სემინარი - "ისლამში ქალთა ღირსება და უფლება".

სემინარის მომხსენებელი იყო ჟურნალისტი და თსუ-ს სტუდენტი ჯეიხუნ მუჰამედალი (ნარზალოვი). შეხვედრის  ძირითადი თემა იყო ქალთა უფლებები რელიგიის თვალსაზრისით, ღირსება უფალთან, საზოგადოებასა და ოჯახში.

მომხსენებელმა ისაუბრა ისლამზე. საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში, არასწორად არის აღქმული მისი მნიშვნელობა, დამახინჯებულია წესები, რასაც ისლამი ქადაგებს და ყურანი არასწორად არის ინტერპრეტირებული არაკომპეტენტური მთარგმნელების მიერ.

"ქალსა და კაცს შორის განსხვავება მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ასპექტებშია. სხვა მხრივ, სრული თანასწორობაა. ყურანი ყველა კითხვას სცემს პასუხს, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, ხშირად სწორი თარგმანის დეფიციტია. სინამდვილეში ისლამურ რელიგიაში ქალის როლი არცთუ ისე პატარაა და ყურანშიც ქალის უფლება-მოვალეობებს დიდი ადგილი აქვს დათმობილი" - განაცხადა ჯეიხუნ მუჰამედალიმ.

მან ისაუბრა ქალის პასიურ საზოგადოებრივ აქტივობაზე ისლამში, თუმცა, როგორც ჯეიხუნ მუჰამედალმა გვითხრა, ქალები და მამაკაცები დაქორწინებამდე განიხილავენ მსგავს საკითხებს და მოლაპარაკების შემთხვევაში, პრობლემები, ფაქტობრივად, თავს არ იჩენს. ისლამის მიხედვით, ოჯახი პატარა სახელმწიფოა. მამაკაცს აქვს ოჯახის მოვლა-პატრონობის ვალდებულება, ქალი კი მთავარი ძალაა მამაკაცის ცხოვრებაში და მის გარეშე სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია. 

მუჰამედალმა ასევე აქცენტი გააკეთა განათლების მნიშვნელობაზე და განიხილა ის მაგალითები, როცა სხვადასხვა მუსულმანურ სახელმწიფოში ქალები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. მოქალაქეები იზიარებენ ისლამის, როგორც რელიგიის მსოფლმხედველობას და იცავენ კანონებს, რაც განაპირობებს საერთო წესრიგს. რაც შეეხება აქტუალურ თემას - ტერორიზმს, ისლამი მშვიდობას ქადაგებს და ყურანში არანაირი პირდაპირი ან ირიბი კავშირი ან თუნდაც მინიშნება ტერორისტულ აქტებზე არ არის.

"დიდი ხანია ვეხმარები აზერბაიჯანელ სტუდენტებს. დეკემბერში გადავწყვიტე ორგანიზაციად დარეგისტრირება. ისინი ძალიან აქტიური სტუდენტები არიან. ჩემი მიზანია, უფრო მეტად დავეხმარო აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოში შესაბამისი განათლების მიღებაში. ხშირად ჩავატარებთ მსგავს ლექცია-სემინარებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული და ტოლერანტული ერი" - განაცხადა "საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის" დამფუძნებელმა გულია მუსტაფაევამ.

ორგანიზატორებმა სემინარის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად ყურანი გადასცეს.