სახელმწიფო, ნაციონალიზმი და სექსუალობა
25 იანვარი, 2016
სახელმწიფო, ნაციონალიზმი და სექსუალობა ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" -ს ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სახელმწიფო, ნაციონალიზმი და სექსუალობა".

ლექცია ჩატარდა პროექტის - "გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს კანადის მთავრობა. პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისა და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული თემატიკის ირგვლივ საჯარო ლექციების ჩატარება.

შეხვედრას გაუძღვა გენდერისა და სექსუალობის მკვლევარი ანა ილურიძე.
ლექციაზე მომხსენებელმა ისაუბრა სახელმწიფოს, ნაციონალიზმსა და სექსუალობას შორის არსებულ გენდერულ კავშირებზე. "ბედნიერი ჰეტერონორმატიული ოჯახისა" და სახელმწიფოს მიერ ომის საჭიროების რეპრეზენტაციის ანალიზის საფუძველზე განიხილეს, თუ ვისთვის არის სამშობლო "კომფორტის ზონა", ან რომელ მოქალაქეს სთავაზობს სახელმწიფო დაცვას და ვის დაცვაზე ამბობს ის უარს.

მომხსენებელმა სახელმწიფო და ნაცია განიხილა, როგორც სექსუალობის მქონე სუბიექტები.
"სექსუალობა იერარქიის მარკერია. მას შემდეგ, რაც ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მეცნიერულად დასაბუთდა, მოხდა სექსუალობის გადააზრება და იდენტობად ჩამოყალიბება. ქალებს თანამედროვე სამყაროში რეპროდუქციული, აუნაზღაურებელი და აფექტური შრომა უწევთ. ქალის სხეული არის პასიური, სექსუალიზებული, მის მისიად თაობების გამოზრდა იქცა. ეს დამოკიდებულება, ბუნებრივია, არასწორია. თუმცა, სახელმწიფოს ქალების დამორჩილება აწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური დოვლათის დიდ ნაწილს სწორედ ქალები ქმნიან" - განაცხადა ანა ილურიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ადამიანის სხეულს ნიშნებს აწებებს. ხშირად კი გვთავაზობენ ბედნიერების იდეალიზებულ მოდელს, სადაც მამაკაცი მასკულარული და ძლიერია, ხოლო ქალი სუსტი, ფემინური და რეპროდუქციული. ბედნიერების დაწერილი ნაციონალური რეცეპტი კი მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე ვრცელდება და ჰომოსექსუალ ადამიანებს არ აქვთ უფლებები და არც აღიარება.