„შეყავი თავი გალერეაში“
28 იანვარი, 2016
„შეყავი თავი გალერეაში“ ბეჭდვა FaceBook Twitter
მრავალმხრივმა არქიტექტურულმა კომპანიამ ინტერაქციული პროექტის "შეყავი თავი გალერეაში" ფარგლებში უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

ასობით ადამიანმა გადაიღო ფოტო გალერეას მაკეტში, პროექტის ავტორები კი ყველა გადაღებულ ფოტოს სოციალური ქსელის საშუალებით მიაწვდიან მონაწილეებს. პროექტის მიზანია, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს, შეიხედოს გალერეაში, რომელიც saatchi Gallery-ს ერთ-ერთი დარბაზის ანალოგიური მოდელია. მისი ტრანსპორტირებადი ხასიათის გამო ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეყოს თავი გალერეაში, გადაიღოს ფოტო და თავად გახდეს საგამოფენო ექსპონატი. პროექტზე "შეყავი თავი გალერეაში" ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა: თანაავტორები, ტექნიკური მხარის შემქმნელები, მაკეტის დამამზადებლები და ფოტოგრაფები. 

იდეის ავტორის თეზი გაბუნიას თქმით, ამ გალერეამ სხვადასხვა ადგილზე იმოგზაურა, დაიწყო ბათუმიდან და თბილისამდეც ჩამოვიდა, მისი აზრით, იდეა სწორედ ამით არის საინტერესო, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. 

"არ ველოდით ისეთი დიდი გამოხმაურება მოყვა ამ პროექტს სოციალურ ქსელში, თავდაპირველად ცნობილ ადამიანებზე გავაკეთეთ, შემდეგ კი ვიღებდი წერილებს, რომ სხვებსაც უნდოდათ შეეყოთ თავი გალერეაში, ამიტომ დავგეგმეთ მასშტაბური და საჯარო პროექტი, რომელმაც გაამართლა და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა" - განაცხადა თეზი გაბუნიამ.
"რეალურად პროცესი ცოტა სასაცილოა, რადგან მაკეტი პატარაა, თავზე ოდნავ დიდი, თუმცა, დამზადებული ფოტო უკვე ძალიან მაგარი გამოდის, თითქოს მართლა დიდ გალერეაში დადე თავი" - გვითხრა გალერეას სტუმარმა ნიკიტამ. 

"მე მომწონს ის, რომ ამ პროექტს უნდა, გალერეა და ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს და რაღაც ზღვარი წაიშალოს, გალერეაც მიდის ადამიანებთან და ადამიანებიც მიდიან გალერეასთან" - აღნიშნა გალერეას სტუმარმა ნინო ცინცაძემ. 

"ჩემი მეგობრების პროექტია და ძალიან მომწონს, იდეურადაც და ვიზუალურადაც, მგონი, ისტორიული სურათები გამოვა, ყველას ერთნაირი ფოტო რომ ექნება" - თქვა გალერეას სტუმარმა სალომე კერესელიძემ.