„კონტაქტფოტო“ - ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფია
16 თებერვალი, 2016
                            „კონტაქტფოტო“ - ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფია ბეჭდვა FaceBook Twitter
ფოტოგალერეა "Black & White Gallery"-ში ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის "კონტაქტფოტოს" გამოფენა და ასევე ვებგვერდის "kontaktphotos.com"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

ფოტოპროექტში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე. 

"Kontaktphoto" არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტო, რომელიც 2015 წელს დაარსდა. სააგენტოს მიზანია ფოტოგრაფებისთვის ხელშეწყობა ყველა ეტაპზე. სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში. აგრეთვე სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, მასტერკლასები და შეხვედრა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თითოეული ფოტოგრაფის ინდივიდუალური ნამუშევრები განსხვავებული დოკუმენტური ხაზითა და ისტორიებით.
გამოფენის ორგანიზატორ ნათელა გრიგალაშვილის თქმით, ფოტოებმა ისტორიები უნდა აჩვენოს და სწორედ ამას ემსახურება მათი წამოწყება, რომ თითო ფოტო თითო ამბავს მოყვეს.

"სურათებს პატარა მინაწერებიც გავუკეთეთ, ასე ვთქვათ, დავასათაურეთ, წარწერები და ფოტო ერთად უფრო მეტ შედეგს იძლევა" - აღნიშნა ნათელა გრიგალაშვილმა.

"ძალიან მომეწონა ფოტოები მინაწერებით, ანუ რა ოცნებები აქვთ მათ, ამ ადამიანებზე უფრო მეტს ვიგებთ, ვიდრე ფოტოს შეუძლია რომ დაგვანახოს" - გვითხრა გალერეას სტუმარმა ნადია ივანაშვილმა.

"მე ბესო უზნაძის ფოტოები მომეწონა ძალიან, განწყობით შექმნილი, ეს არის ფოტოგრაფია, ხასიათები რომ დაიჭიროს, ასეთი სახე შეიძლება სხვა დროს აღარც ჰქონდეთ" - თქვა გალერეას სტუმარმა ანა კაჭარავამ.

"კონტაქტფოტოს" გამოფენა კიდევ სამ დღეს გაგრძელდება "Black & White Gallery"-ში.