პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების 97 წლის იუბილე
19 თებერვალი, 2016
        პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების 97 წლის იუბილე ბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით - "პირველი საყოველთაო დემოკრატიულიი არჩევნები საქართველოში".

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 თებერვლის საყოველთაო არჩევნების ჩატარებიდან 97 წლის იუბილეს.

გამოფენაზე წარმოადგინეს 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალა, საგაზეთო ამონარიდები, საარჩევნო მოწოდება და პროგრამები, კანდიდატთა საარჩევნო პარტიული სიები და კარიკატურები, დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვადასხვა სამაზრო საოლქო კომისიის ოქმები, კანდიდატთა წერილები და სხვა. 

გამოფენა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ფაქტის გახსენებისთვის.
"ეს გამოფენა, რომელიც ეძღვნება პირველი რესპუბლიკის არჩევნებს, არის ძალიან საინტერესო და ისტორიული, რომ დავინახოთ, რას ფლობს უნივერსიტეტი და რა ისტორიული წარსული აქვს ქვეყანას, რომლითაც უნდა ვიამაყოთ და უნდა შევისწავლოთ, რომ ვიცოდეთ, როგორი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთი მცირე სახელმწიფო" - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა და აღნიშნა, რომ რექტორის მხარდაჭერით შეიქმნა დემოგრაფიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი "ბიბლიოთეკა", რომელმაც უკვე რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დღევანდელი ღონისძიებაც.
"დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ეძღვნება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ეპოქის აღმნიშვნელი ამდენი მასალა პირველად არის ერთად წარმოდგენილი" - თქვა ზურაბ გაიპარაშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორ ირაკლი ირემაძის თქმით, ამ გამოფენით ასე დაინტერესება დიდი სტიმულია მისთვის და მისი გუნდისთვის, რომ მომავალშიც გააკეთონ მსგავსი გამოფენები. "საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამით იწყება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების სისტემაში მოქცევა. გამოფენაზე წარმოდგენილია არჩევნების შედეგებიც, რომელის მიხედვითაც ერთმა პარტიამ მიიღო ხმების 82% პროცენტი" - აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა ირაკლი ირემაძემ.