vashli.ge-ს პრეზენტაცია
09 მარტი, 2016
vashli.ge-ს პრეზენტაცია ბეჭდვა FaceBook Twitter
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სოციალურ-საგანმანათლებლო ელექტრონული ჟურნალის Vashli.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, საიტის დამფუძნებელი ლევან თაღიაშვილი. მან დამსწრეებს გააცნო საიტის დიზაინი, სტატიები და პროექტის მიზნები, ასევე უპასუხა შეკითხვებს. აღსანიშნავია, რომ მსურველებს შეუძლიათ, გახდნენ Vashli.ge-ს წევრები და რეგულარულად წერონ სტატიები, მიიღონ გამოცდილება. 

ლევან თაღიაშვილის თქმით, საიტის შექმნის იდეა მეგობრებთან ერთად ორგანიზებული საჯარო ლექციის ჩატარების შემდეგ გაჩნდა.
,,მე და ჩემმა მეგობარმა, დაახლოებით, 3 თვის წინ საჯარო ლექცია ჩავატარეთ სახელწოდებით - ,,როგორ და რატომ უნდა მივიღოთ განათლება და როგორ გავხადოთ ის პოპულარული საქართველოში". გარემო ძალიან უშუალო და არაფორმალური იყო, ზოგადად, მე თვითონ არ მიყვარს ზედმეტი აკადემიურობა. ასეთი სტილის საჯარო ლექციამ საინტერესო თემით ძალიან გაამართლა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე შემდეგი ლექციის თემაზე ვფიქრობდი, როცა ჩემმა მეგობარმა, იდეა შემომთავაზა, საიტი გაგვეკეთებინა, რომელიც ასეთი საჭირო და საინტერესო თემებით იქნებოდა გაჯერებული. მეც დავთანხმდი და შედეგად უნიკალური პროექტი მივიღეთ, რომელსაც ანალოგი არათუ საქართველოში, ვფიქრობ, მსოფლიოში არ აქვს და ეს ნამდვილად არ არის ხმამაღალი ნათქვამი" - განაცხადა ლევან თაღიაშვილმა.

საიტის შემქმნელის განმარტებით, Vashli.ge-ს მიზანია არაფორმალური განათლების განვითარება: "ვემსახურებით არაფორმალური განათლების, ცხოვრებისეული უნარებისა და, ზოგადად, პიროვნული თვისებების განვითარებას. ვცდილობთ, ძველი ტრადიციებიდან ავიღოთ ღირებული ფასეულობა და მოვარგოთ 21-ე საუკუნის სტანდარტებს, ანუ ვიყოთ ძალიან თანამედროვეები, თუმცა, ამავდროულად ტრადიციულები. ეს ჩვენი იდენტობის დასაცავად აუცილებლად მიმაჩნია, სწორედ ასეთია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა".

დამსწრე საზოგადოებას, ძირითადად, სტუდენტები წარმოადგენდნენ, ისინი პროექტს დადებითად აფასებდნენ:
"ლევანი კარგი ორატორია და სასიამოვნოდ საუბრობს. დიდი ხანია ველოდი ამ საიტის პრეზენტაციას და იმედები გამიმართლდა. პრეზენტაციაც საინტერესო იყო, არც მოსაწყენი და არც ზედმეტად ხანგრძლივი. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ საიტზე სტატიების განთავსების უფლება ყველა მსურველს აქვს" - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა მარიამ ჭეღელიძემ.