მეცამეტე თვის პოეტთა პოეზიის საღამო
21 მარტი, 2016
მეცამეტე თვის პოეტთა პოეზიის საღამო ბეჭდვა FaceBook Twitter
ბიბლუსის გალერეაში მსოფლიო პოეზიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მეცამეტე თვის პოეტთა პოეზიის საღამო გაიმართა.

შეხვედრა მუსიკისა და ღვინის თანხლებით წარიმართა. ლექსები წაიკითხეს ახალგაზრდა პოეტებმა: ბაჩო ზაქაიძემ, გურამ ლაცაბიძემ, ლუკა შარაშენიძემ და ამირან ჯანჯღავამ.
ამირან ჯანჯღავას თქმით, მათი მეცამეტე თვის სახელწოდებაა ბოგა, რაც მცირე ხიდს ნიშნავს და ამასთან პოეტთა სახელების აბრევიატურაა:
"ჩვენ შევქმენით ირეალური თვე, სადაც არავინ იქნებოდა, რადგან გვაწუხებდა პოეტის სტატუსის ხმამაღლა მორგება იმ ბუმბერაზ შემოქმედთა გვერდით, რომლებიც ქართულ სივრცეში არსებობენ. ჩვენს თვეს ჰქვია ბოგა, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ეს არის მცირე ხიდი, გარდა ამისა ჩვენი სახელების აბრევიატურაა. რაც შეეხება დღევანდელ პოეზიის საღამოს, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

დღევანდელი საღამო ემოციური გამოდგა, როგორც პოეტებისთვის, ასევე მსმენელთათვის:
"ეს დღე ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. ყველაზე თბილი და პოზიტიური საღამო, რისთვისაც დიდი მადლობა მეცამეტე თვის პოეტებს" - გვითხრა ლიკა საათაშვილმა. 

"მეცამეტე თვის პოეტები ჩემთვის თანამედროვე პოეტთა საყვარელი წარმომადგენლებიდან გამორჩეულები არიან. მათი შემოქმედება ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მათ მიერ ჩატარებული პოეზიის საღამოები ჩემთვის ყოველთვის პოზიტიურ და თბილ მოგონებად რჩება მეხსიერებაში. დღევანდელი საღამოც არჩვეულებრივი იყო, მშვენიერი მუსიკა და შავი ღვინო თავის ეშხს აძლევდა მათ არჩვეულებრივ და გულში ჩამწვდომ ლექსებს. კიდევ ერთხელ გაალამაზეს, აავსეს პოზიტივით, დამუხტეს მაყურებელი თბილი ემოციებით. დიდი მადლობა მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ასეთითბილი და ლამაზი საღამოსთვის" - აღნიშნა ნინო ჯანგველაძემ.

პოეტ გურამ ლაცაბიძის თქმით, ამ საღამომ მათ ბედნიერება მიანიჭა: ,,სასიამოვნო საღამო იყო, ბიბლუსის გალერეაში არაჩვეულებივი გარემოა შექმნილი ავტორისა და მკითხველის ურთიერთობისათვის, დღევანდელმა დღემაც, მე ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა და, ერთის მხრივ, მკითხველმა მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და სულიერი საზრდო და, მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გვქონდა მათთან შეხვედრის პატივი" - განაცხადა გურამ ლაცაბიძემ.