„ვინც ხეტიალობს, ყველა არ იკარგება“
13 ივნისი, 2016
„ვინც ხეტიალობს, ყველა არ იკარგება“ ბეჭდვა FaceBook Twitter
კაფე "ნოველაში" ახალგაზრდა პოეტ მარიამ კავილაძის პირველი ინგლისურენოვანი წიგნის - "ვინც ხეტიალობს, ყველა არ იკარგება" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში თავმოყრილია 8 წლიდან 13 წლამდე დაწერილი ფილოსოფიური ლექსები.
მარიამ კავილაძის თქმით, წიგნში, ძირითადად, მისი ბავშვობის დროინდელი განცდებია ასახული და თითქმის ყველა ლექსს კონკრეტული ადრესატი ჰყავს, იქნება ეს დედა, პირველი სიყვარული, წარმოსახვითი პერსონაჟები თუ ღმერთი.

"ეს წიგნი ეძღვნება ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს დეპრესია, ტკივილი და ფიქრობდნენ, რომ სხვა გზა არ იყო. წიგნის სახელწოდებაც იმას გულისხმობს, რომ ხეტიალით შეიძლება შევიცვალოთ, მთავარია, ვიხეტიალოთ, მე ვხეტიალობ" - აღნიშნა მარიამ კავილაძემ.

პრეზენტაციაზე მისი დაწერილი ინგლისურენოვანი ლექსების გარდა მარიამმა წაიკითხა მის მიერ თარგმნილი სხვა პოეტების ლექსები. მარიამს ნათარგმნი აქვს ისეთი პოეტების ლექსები, როგორიცაა გალაკტიონ ტაბიძე, ოთარ ჭილაძე და სხვა. ის ასევე თარგმნის მისი მეგობრების ლექსებს ქართულიდან ინგლისურ ენაზე.

პრეზენტაციის ბოლოს სტუმრებმა შეკითხვები დაუსვეს მარიამს ახლანდელ და სამომავლო გეგმებზე, მისის თქმით, ჯერჯერობით არაფერს გეგმავს, თუმცა, შორეულ მომავალში აპირებს ქართულენოვანი ლექსების კრებულის გამოცემას.

"ამ წიგნის შემდეგაც მაქვს დაწერილი ლექსები და ახლაც ვწერ, ეს იქნება თინეიჯერობის ასაკში დაწერილი ლექსები და მინდა, რომ ისინიც ერთ გამოცემად შევკრიბო, პროზაში ნაკლებად ვხედავ ჩემს თავს, ამიტომ, ალბათ, ისევ ლექსების კრებულს გამოვცემ" - აღნიშნა მარიამ კავილაძემ.