კავკასიის უნივერსიტეტს 480 პირველკურსელი ჰყავს
09 სექტემბერი, 2013
კავკასიის უნივერსიტეტს 480 პირველკურსელი ჰყავს ბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელებმა სწავლა დაიწყეს.

კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ელენე ჯღარკავამ განაცხადა,რომ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი სიახლეებით ხვდება: ,,ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ოთხი ძირითადი ფაკულტეტი გადავიდა ახალ შენობაში ჯიქიას ქუჩაზე - ბიზნესის, ტექნიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის. შესაბამისად, მათ დახვდათ ახალი სასწავლო გარემო. წელს გვყავს 480 პირველკურსელი, რომელსაც ემატება 16 უცხოელი სტუდენტი. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტები თვითონ იღებენ მონაწილეობას ლექციების, ლექტორებისა და სემინარების არჩევაში. სტუდენტები თითქმის ყველაფერს თვითონ გეგმავენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი დღე გამოითავისუფლონ და სამეცადინოდ გამოიყენონ" - აღნიშნა ელენე ჯღარკავამ.

თუ რატომ კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების პირველკურსელმა გვითხრა: "კარგი სწავლა-განათლების მიცემა ბევრ უნივერსიტეტს არ შეუძლია საქართველოში. სამომავლო პერსპექტივა და მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა გაძლევს, იყო წარმატებული. მე ეს უნივერსიტეტი ავირჩიე".

სასწავლო წელი პირველკურსელთათვის ტრადიციული ,,WELCOME PARTY"- ით დაიწყო. წვეულება კრწანისის რეზიდენციაში 6 სექტემბერს ჩატარდა. ფაკულტეტების დეკანებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლექტორებმა პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების შესახებ რჩევა მისცეს.