კინოთეატრ ''აპოლოს'' ძველ შენობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფის დინა ოგანოვას გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - ''ჩემი სივრცე''.
პროექტის იდეაა, გვაჩვენოს საქართველოს ახალი თაობა. პირველი თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა და დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა. ახალგაზრდები საკუთარ გარემოში არიან გადაღებულნი, საყვარელი ნივთების გარემოცვაში და პირად ისტორიებს ჰყვებიან.
ფოტოგრაფი პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა: ''ბოლო დროს საქართველოში ყველა პეიზაჟს ან მოხუცს იღებს. მე კი გადავწყვიტე, ახალი თაობა გადამეღო. თაობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ორი საუკუნის გასაყარზეა და აუცილებლად დიდ ცვლილებას მოახდენს საკუთარ ქვეყანაში და არა მხოლოდ... ახალგაზრდების ნაწილი ჩემი მეგობარია, ზოგი ქუჩაში ან კაფეში დავინახე და გადაღება შევთავაზე''.
ისტორიული შენობის კედლები, მკრთალი განათება, სანთლებით განათებული კიბეები და უამრავი ახალგაზრდა დამთვალიერებელი. გამოფენილ ფოტოებს ჩარჩოში თითოეული გმირის ხელნაწერიც ჰქონდა დართული. ისინი პირად ისტორიებს ჰყვებიან საკუთარ ხასიათზე, გატაცებაზე, ოჯახზე, პრობლემებზე:
''ამ ქალაქში არის ძალიან ბევრი რამ, რაც მომწონს და რაც არ მომწონს. მიუხედავად იმასა, რომ სულ მინდა, წავიდე და მოვწყდე აქაურობას, ბევრი რამ არის, რაც მაკავებს და მაინც აქ ვცხოვრობ. მომწონს ქუჩაში რომ იყიდება რაღაცეები, ძირითადად, ყვავილები და წიგნები, თავის განწყობას აძლევს ქალაქს. ყველაზე მეტად არ მომწონს ის, რომ ძალიან ცივი ქალაქია''.
''ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად ცხოვრებაში მივიჩნევ... ეს არ არის არც მოგება და არც რამე მსგავსი, ეს სიმშვიდეა...''
''მარტივად შემიძლია, ვიყო ბედნიერი. უამრავი ნივთი მაქვს ბავშვობიდან. ისეთი ტიპი ვარ, ვინც არაფერს აგდებს, ყველა ნივთს რაღაც ენერგეტიკა მოაქვს''.
კინოთეატრ ''აპოლოს'' შენობა ორშაბათამდე ღიაა ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა დამთვალიერებელთათვის, რომელთაც აინტერესებთ ახალი თაობა და მისი პირადი საინტერესო ისტორიები.