დაახლოებით ერთი თვეა, რაც იპოდრომის მიტოვებული შენობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა.
''თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრი'' - ასე ეწოდება პროექტს, რომლის იდეაა, შეიქმნას თავისუფალი, ღია და დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ყველა ადამიანს მიეცემა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება არტსტუდია, საგამოფენო სივრცე, ბიბლიოთეკა და ვეგეტარიანული კაფე. ნებისმიერ ახალგაზრდას, არაპროფესიონალ ხელოვანს შეუძლია, იპოვოს საკუთარი სივრცე და იდეები განახორციელოს.
მსგავსი თავისუფალი სივრცე მრავალ ქვეყანაში არსებობს, მაგალითად, ინგლისში, იტალიაში, პოლონეთში. თბილისში ჯერჯერობით ორი პროექტი განხორციელდა - ქუჩის მხატვრობის სემინარი და ''უფასო ბაზრობა''.
წინა კვირას ქუჩის მხატვრობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა შენობის კედლები მოხატეს. ამ კვირას კი უფასო ბაზრობა გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს მიჰქონდა ნივთი, რომელიც აღარ სჭირდებოდა და იღებდა სასურველს. წიგნები, ტანსაცმელი, ტექნიკა, ჭურჭელი, ავეჯი - ყველაფერი, რაც, ჩვეულებრივ, ბაზრობაზე იყიდება.
ნინი კაკაბაძე ბაზრობაზე წიგნებით მივიდა: ''პროექტის შესახებ ''ფეისბუკის'' საშუალებით გავიგე და იდეა ძალიან მომეწონა. ასეთი სივრცე ახალგაზრდებისთვის საქართველოში არ არსებობს და ვფიქრობ, ძალიან საჭიროა. აქ არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება - თავისუფლება, ახალი იდეები. მომავალში ხშირად ვესტუმრები ამ ადგილს''.
''თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრის'' უახლოეს გეგმებში ბიბლიოთეკისა გახსნა და კინოჩვენების გამართვა შედის. ახალი კომუნის წევრების რაოდენობა კი თანდათან იზრდება.