მაღლიველი ავტობუსის მოლოდინში
22 თებერვალი, 2014
მაღლიველი ავტობუსის მოლოდინში ბეჭდვა FaceBook Twitter
გამოცდიდან ადრე გამოვედი. პირველის ოცი წუთია. ბიბლიოთეკის შენობიდან ავტობუსის გაჩერებამდე მიღწევაღა დამრჩა. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ დანიშნულების ადგილამდე და ვფიქრობ, რომ ავტობუსში ავალ და გავთბები, შედარებით გავთბები.
ეს მანძილი და დრო საკმარისია იმისათვის, რომ სახე და ხელები მოგეყინოს, ამიტომ ავტობუსამდე მალე მისვლა ერთადერთია, რაც თავში გიტრიალებს. შორიდან ვხედავ, როგორ წავიდა ავტობუსი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის 150 ნომერი არ არის. არა და ამის ალბათობა ნაკლებია - მაღლივამდე ოთხი ავტობუსი მოძრაობს - 92 ნომერი, რომელიც ვაგზლის მოედანზე მიდის, 21 - დიღომამდე, 24 - გლდანის მიმართულებით და 150 - კოლმეურნეობამდე.

გაჩერებაზე არცერთი მათგანი არ დგას... აქეთ-იქით ვიხედები... არც ტაბლონია სადმე. როგორ გავიგო, როდის მოვა ან ერთი, ან მეორე, ან მეასამე რომ უახლოეს მეტრომდე მაინც გავყვე. გზის ჩაყოლებაზე რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დგას. 5 წუთსაც დაველოდები და მერე „მარშუტკას“ გავყვები - ვეუბნები საკუთარ თავს. ჩემგან ორ მეტრში ერთი გოგონა დგას. ისიც ჩემსავით აბუზული.

- დიდიხანია აქ დგახარ? - ვეკითხები.

- არა, მეც ახლა მოვედი. - მპასუხობს.

- ნეტავ, რა ნომერი იყო?!... - ვიკითხე უმისამართოდ...

- 150. ვერ მივუსწარი. აქ სწავლობ? - მეკითხება.

- არა, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, შენ?

- მე აქ ვსწავლობ. - და ეცინება. სიცილის მიზეზი კი მარტივია. მოცარიელებულ ადგილზე ერთი გრძელი შენობაა აღმართული. სად არის გაჩერება, რომ ან სიცხის დროს შეეფარო მზეს, ან სიცივის დროს ქარს?! არადა, ვერცერთი ლექტორი ვერ ხვდება, რატომ არ გვიყვარს „დაბლიველებს“ გამოცდების მაღლივში დაწერა.

- კიდევ კარგი, აქ ყოველ დღე არ დავდივარ. - უკვე, ხმამაღლა ვფიქრობ და ვბრაზობ.

- ამ „მარშუტკის“ მძღოლებსაც ახლა მოუნდათ შესვენება - მარტო მე არ ვიყინები, შვება!

ნაძვებს შორის ჩადგმულ მაგიდა-სკამებზე შემომსხდარ-მომუსაიფე მძღოლები წასვლას ჯერ არ აპირებენ. მხოლოდ ასეთ წუთებში შეიძლება იფიქრო შენ წინ აღმართული შენობის ჩონჩხის უფუნქციობაზე, ან იფიქრო ბებოს ხნის ქალზე, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ერთსა და იმავე ადგილზე საღეჭ რეზინსა და სიგარეტს ყიდის ღერებზე.

როგორც იქნა ავტობუსიც მოვიდა. 150 ნომერია. საათს დავხედე, - პირველია. მხოლოდ ოცწუთიანი საუბრის შემდეგ ვკითხე სახელი ახალ ნაცნობს - სალომე-ო - ღიმილით მიპასუხა და ერთად ავედით ავტობუსში. ტრანსპორტი 3 წუთში დაიძრა და უცებ წარმოვიდგინე, რომ ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ 3 წუთით ამოსულ ავტობუსს გამოცდადამთავრებული ჩემი მეგობრები ვეღარ მოუსწრებდნენ...

- მე თაკო მქვია - ვეუბნები სალომეს და უკვე ბილეთიანები ვსხდებით ცარიელ ტრანსპორტში. კოლმეურნეობამდე 35-40 წუთში მივალთ, სასაუბროდ კიდევ დიდი დროა. სალომე ფიქრობს, რომ მაღლივში ასული სტუდენტი უკან აღარ უნდა ბრუნდებოდეს და საცხოვრებელი იქვე უნდა ჰქონდეს: “სტუდქალაქისთვისაა ეს ადგილი, აქ ყოველდღე სიარული ძალიან ძნელია“.

სალომეს მეც დავეთანხმე, აქ მხოლოდ გამოცდების პერიოდში სიარულიც ძალიან ძნელია. სტუდქალაქის სახე კი ამ ადგილს ნამდვილად არ აქვს. აღარც ის სტუდენტური საცხოვრებლები ჰგავს სტუდენტურ საცხოვრებლებს. თუმცა, ამ ფუნქციას ისედაც ორი შენობაღა ასრულებს, და არც სტუდენტის გადაადგილებისათვის საჭირო გარემოა შექმნილი: არა დროული ტრანსპორტი, არა ტაბლონი, არა მოსაცდელი, არადა სტუდენტს სულ სადღაც ეჩქარება.

ფოტო თემურ გუგუშვილი