„პროფესიული არჩევანის გაკეთების პრობლემები და პოზიტიური ასპექტები“
31 იანვარი, 2015
„პროფესიული არჩევანის გაკეთების პრობლემები და პოზიტიური ასპექტები“ ბეჭდვა FaceBook Twitter
თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში დგება დრო, როცა სურს, გააღწიოს ერთფეროვანი სამყაროდან, ურთიერთობებიდან, კანონებიდან და სურვილის, უნარის, მოტივაციის შესაბამის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. გადაწყვეტილება, თუ რა პროფესიით გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ძალიან რთული მისაღებია და ამ მხრივ ყურადღებას რამდენიმე ორიენტირი იქცევს. ურბანული ცხოვრებისა და სხვადასხვა სამუშაო სფეროს განვითარებამ, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით სამუშაო ძალის მოდერნიზაციამ ადამიანს მისცა შესაძლებლობა გარკვეული როლი შეასრულოს მუდმივად ცვალებად სამყაროში და აქტიურად გამოიყენოს საკუთარი უნარები შრომის ბაზარზე. არჩევანი დიდია, სამყარო მრავალი წვრილი და მსხვილი ფუნქციის მატარებელი ნაწილებისგანაა აგებული.

ყველაზე საჭირო ინფორმაციას, განვსაზღვროთ რომელი პროფესიები იზიდავს გლობალიზაციის ეპოქაში საზოგადოებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფლობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღესდღეობით ლიდერობს ისეთი სფეროები, როგორებიცაა : ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა. ბოლო დროს შესამჩნევია ახალგაზრდების დაინტერესება სოციალური მეცნიერებებისა და ტურიზმისადმი. შედარებით სუსტია ინტერესი აგრარული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების მიმართ, თუმცა, ამ მხრივ სახელმწიფომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდა თაობას უფასო სასწავლო პროგრამები შესთავაზა. ამ უკანასკნელმა საკმაოდ დიდ პრობლემას დაუდო სათავე, ერთი, რომ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ პროფესიული ცოდნის რეალიზაციის არეალი საკმაოდ მწირია და დასაქმების მაჩვენებელიც უმნიშვნელო და მეორე, აპლიკანტების ორიენტირი არის სახელმწიფოს შეთავაზება, უფასო განათლების შესახებ და არა რეალური ინტერესი პროფესიისადმი, რაც ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა: დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, იმედგაცრუება სტუდენტის ცხოვრებაში და ა.შ.

პროფესიის შერჩევისას ახალგაზრდის სტიმული და ორიენტირი რამდენიმე ფაქტორია. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტრადიციული საზოგადოების წნეხისაგან გათავისუფლების მცდელობისა, მოზარდებში ჯერ კიდევ საფუძვლიანად ვერ არის გამჯდარი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და მათი ნაწილი კვლავ მშობლების კარნახით იღებს გადაწყვეტილებას. უძველესი დროიდან ამ მხრივ საკმაოდ პოპულარული იყო სამედიცინო განათლება და შეიძლება ითქვას, ახალგაზრდების უმეტესობა ცდილობდა გეზი სწორედ ამ მიმართულებით აეღო, რამაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საკმაოდ კარგი შედეგიც გამოიღო. მემკვიდრეობითი იყო და არის პროფესიის თაობიდან თაობაზე გავრცელება. ჯერ კიდევ თვალსაჩინოა იმ ოჯახების მიდრეკილებები, სადაც ოთხივე თაობა ერთი პროფესიის წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. ამ ორიენტირის მნიშვნელობა საკმაოდ კარგია, რადგან უმეტესობა ცდილობს მშობლების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათავისებას და სამუშაოს მოძიებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ სიკარგესთან ერთად უმეტეს შემთხვევაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი, რაც თავისთავად არასასიამოვნო შედეგს იძლევა.

ახალგაზრდების ნაწილი გადაწყვეტილებას სპონტანურად იღებს, ნაწილი კი გააზრებულად. გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე საინტერესო შედეგის მომცემია, რომელთაგან აღსანიშნავია: მიღებული განათლების შესაბამისი ინტერესი გარკვეული პროფესიისადმი; სფერო, რომელშიც მოზარდი ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა ინტერესს; უნარები, რომლებიც მოზარდის აზრით რელევანტურია სურვილთან, დაეუფლოს არჩეულ პროფესიას და სხვა. რაც შეეხება სპონტანურ გადაწყვეტილებას, აქაც ყურადღებას რამდენიმე ასპექტი იქცევს: ამ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ადრეული ასაკიდანვე არ გამოირჩეოდა განათლებისადმი დიდი ინტერესით და მუდმივად ცდილობდა გადაედო მომავალზე ფიქრი; მოსწონს უნივერსიტეტი, სადაც აპირებს განათლების მიღებას, ან იძულებულია მისთვის ხელმისაწვდომი ადგილის ან პროფესიის სასარგებლოდ შეაჩეროს არჩევანი; არ გააჩნია ცოდნა და სურს მხოლოდ სწავლობდეს, არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ და სხვა. გააზრებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა, სპონტანური კი თითქმის ვერასდროს იკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამონაკლისია შემთხვევები, როცა რაღაც „მანქანები“ ერევა ადამიანის პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაში.

ყოველივესთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ დეზორიენტაცია ხშირად სპონტანური გადაწყვეტილების თანმხლები მოვლენაა. ეს არის სიტუაცია, როცა ადამიანის ირგვლივ მთელი სამყარო დგას საკუთარი შემოთავაზებებით, მას თითქოს ყველა სურს, თან კი საუკეთესოსკენ აქვს მიდრეკილება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თავს იჩენს ისეთი ამორჩევის კრიტერიუმები, როგორებიცაა : 1. მოდა პროფესიაში 2. ოცნების კოშკების ნაადრევი კონსტრუირება 3. ცნობილ პიროვნებასთან საკუთარი თავის გაიგივება 4. რას იტყვიან გარშემომყოფნი და სხვა გარესტიმულები. მოდა პროფესიაში გულისხმობს, არჩევანი გააკეთო პროფესიის პოპულარობის მოტივით, ის რაც ერთს (ან ბევრს) აინტერესებს და მოსწონს ხშირად მისაბაძი ხდება მეორესთვის, რომელსაც შესაძლოა არც კი ესმის, თუმცა, მოსწონს. ოცნების კოშკების კონსტრუირება საინტერესოა იმ მხრივ, რომ საშუალებას იძლევა დაინახო პროფესია მომავლის ჭრილში, მაგრამ საკმაოდ საშიშია, რადგან ხშირად რეალობა შეუსაბამოა აგებულ კონსტრუქციასთან. ანაზღაურება, პოპულარობა, გავლენა ხშირად წონის საგნისადმი ინტერესს, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს. შესამჩნევია, რომ ხშირად ადამიანი გადაწყვეტილებას გარშემომყოფთა მომეტებული ყურადღების გავლენით იღებს.

რაც წლები გადის, პრობლემა მით უფრო აქტუალურია და საჭიროა ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: არჩევანის თავისუფლება, არჩევანის ცოდნასთან რელევანტურობა, ინტერესის სფერო, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების სასარგებლო ასპექტები, დეზორიენტაციის მნიშვნელობა და სხვა. სწორად შერჩეულ ღონისძიებათა სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს პრობლემას, მოზარდს უფრო გონივრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, რაც მისცემს რესურსსა და საშუალებას მომავალი რეალობაზე ააგოს. ყველა პროფესიას აქვს თავისი განსაკუთრებული ღირსება, მხოლოდ საჭიროა სწორი ორიეტაცია და მიზანი, რომელმაც პროფესიული წარმატება და კომფორტი უნდა მოუტანოს ადამიანს.