თვითპრეზენტაცია და სახიფათო ქცევა ახალგაზრდებში
08 ივლისი, 2013
თვითპრეზენტაცია და სახიფათო ქცევა ახალგაზრდებში ბეჭდვა FaceBook Twitter
"მე უბრალოდ მინდოდა ეფექტური რუჯი მიმეღო. არ ვიცოდი ლეღვის ნახარშის გამოყენებით რეანიმაციაში თუ აღმოვჩნდებოდი. იმის მაგივრად, რომ ჩემი სხეული უფრო მიმზიდველი გამეხადა 15%-იანი დამწვრობა მივიღე" - ამბობს 21 წლის იზა ცაკაშვილი, რომელმაც გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოსახდენად საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

ადამიანი სოციალური არსებაა და დამოკიდებულია სხვებზე, ინდივიდუალური და კოლექტიური მიზნების მისაღწევად. ის გამრავლებას, გადარჩენასა და ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმ კულტურული და სოციალური ჯგუფის საშუალებით ახდენს, რომელსაც ის მიეკუთვნება. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ადგილის დამკვიდრებისთვის აუცილებელია დაიმსახურო ადამიანთა მოწონება და პატივისცემა.

ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია სოციალური ჩართულობის გამოცდილება, იმის განცდა, რომ იგი მიეკუთვნება სოციუმს, რომ სოციალური გარიყულობის ნიშანი არის ყველაზე სტრესული პირობა, რასაც განიცდიან ადამიანები. აქედან გამომდინარე, სოციალური ურთიერთქმედების გავრცელებული სახეა სურვილი, ვმართოთ შთაბეჭდილება, რომელსაც ჩვენ სხვებზე ვტოვებთ. ტერმინი - თვითპრეზენტაცია მიმართავს ჩვენს ძალისხმევებს იმ შთაბეჭდილებების კონტროლისკენ, რომლებსაც ჩვენ ვქმნით. თვითწარდგენის მთავარი მიზანი არის ურთიერთქმედების სტრუქტურირება ისე, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.

ადამიანები ხშირად იცვლიან განწყობას, რათა შეთანხმებაში იყვნენ თავიანთ ქცევასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქცევიან არაორდინალურად ან საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევებს უფრო ხშირად მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვები თვალს ადევნებენ მათ ქცევას, ვიდრე მაშინ, როდესაც მარტოები არიან. საზოგადოების შეფასებას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საკუთარს. საკუთარი თავის კრიტიკა უფრო ადვილად შეიძლება დავივიწყოთ, ხოლო კრიტიკის, რომელსაც სხვებისგან ვიღებთ, თუნდაც ვთვლიდეთ, რომ ის არასწორი და დაუმსახურებელია, დავიწყება ადვილად არ ხდება, რადგან სხვებმაც იციან ამის შესახებ. კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს შეხედულებების და შთაბეჭდილებების შეცვლა ადამიანის შესახებ.

მოხდენილი და გამხდარი სხეული ყველა ადამიანისთვისაა სასურველი, თუმცა დიეტაზე ყოფნა განპირობებულია თვითპრეზენტაციით. ყველაზე ძლიერი მოტივი წონის დასაკლებად არის სურვილი გამოიყურებოდე მიმზიდველად. ერთ-ერთი ექსპერტ-მკვლევარი ამბობს: "უკაცრიელ კუნძულზე არავინ დაიცავს დიეტას".

ადამიანებს ძირითადად სურთ სხვების თვალში გამოჩნდნენ დადებითად, როგორც საინტერესო, მეგობრული, ინტელექტუალური და მიმზიდველი პიროვნება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სურს დატოვოს არც თუ ისე დადებითი შთაბეჭდილება, მაგ. სკოლის ხულიგანს სურს წარმოადგინოს საკუთარი თავი როგორც უხეში პიროვნება.

თავის წარდგენა ადამიანებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგჯერ საფრთხეში აგდებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი, იმისთვის, რომ დატოვონ კარგი შთაბეჭდილება.

"პარკური ჩემი ჰობია. მართალია, საშიშია, ზუსტად არასოდეს იცი თითოეული მოძრაობა რით დამთავრდება, მაგრამ ის გაადაადგილების ხელოვნებაა და თავისი ხიბლი აქვს. ასევე, ძალიან სასიამოვნოა იმ ადამიანების რეაქცია, ვინც მაკვირდება, მე მათზე კარგ შთაბეჭდილებას ვახდენ" - ამბობს დემეტრე მოდებაძე, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

ბევრი ადამიანი ცდილობს მიიღოს ნამზეური, რადგან სჯერათ, რომ ეს მათ სხეულს უფრო მიმზიდველს და სექსუალურს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ მზის აბაზანები დასხივების საფრთხეს უქმნის კანს, რამაც შესაძლოა კიბო გამოიწვიოს. ბევრი ახალგაზრდა ეწევა სიგარეტს, რათა მიბაძონ მოზრდილებს. ამის მსგავსად ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლის მიღებას ხშირად განაპირობებს რწმენა, რომ ასეთი ქცევა აღიქმება, როგორც მეამბოხეობა. ზოგიერთ ადამიანს ეშინია, რომ სხვები ცუდად იფიქრებენ მასზე, თუკი პრეზერვატივს შეიძენენ ან მის გამოყენებას შესთავაზებენ, ამიტომ ისინი დაუცველ სექსს ეწევიან. ამის გამო კი შესაძლოა რაიმე დაავადებით დაავადნენ. ზოგი ადამიანი სწრაფად მართავს ავტომობილს ან უარს ამბობს ღვედის გამოყენებაზე, იმისთვის რომ სიმამაცე წარმოაჩინოს. სხვები უარს ამბობენ ჩაფხუტის ტარებაზე ველოსიპედის მართვისას და ა.შ.

"მე მიყვარს მანქანის სწრაფად ტარება, ავტორბოლებშიც ხშირად ვმონაწილეობ. პირველ რიგში მიყვარს სიჩქარე, ამით სიამოვნებასაც ვიღებ და ერთგვარ პროტესტსაც გამოვხატავ დადგენილი წესებისადმი, მეორე რიგში, მომწონს ის შთაბეჭდილება, რომელსაც ხალხზე ვტოვებ. ისინი მე აღმიქვამენ, როგორც მამაცს, თავზეხელაღებულს" - ამბობს გიორგი ბახტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების III კურსის სტუდენტი.

როგორც ფსიქოლოგი მაია მესტვირიშვილი ამბობს, ადამიანი სოციალური არსებაა და მისთვის მნიშვნელოვანია სოციუმში ადგილის დამკვიდრება. ადგილის დასამკვიდრებლად კი საჭიროა გარშემომყოფების მოწონება და კეთილგანწყობა, ამის მისაღწევად ადამიანები მრავალ ხერხს მიმართავენ, მათ შორისაა სახიფათო ქცევაც. სხვა ადამიანების დამოკიდებულება ინდივიდისადმი მოქმედებს მის თვითშეფასებაზე, სოციალურ იდენტობაზე. საზოგადოების კეთილგანწყობა ჩვენდამი ერთ-ერთი ფაქტორია იმის, რომ ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით ჩვენი თავით, დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენც სხვების მსგავსნი ვართ და არ ვართ გარიყულები მათ მიერ.