გაიხსნება თუ არა კვების ობიექტი თსუ-ში?
27 ივლისი, 2013
გაიხსნება თუ არა კვების ობიექტი თსუ-ში? ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რომ ჰკითხოთ, რომელია მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, უმრავლესობა კვების ობიექტის არარსებობას დაასახელებს, ამავე პოზიციაზე იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მოქმედი კაფეები სტუდენტთა სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ: იქნება ეს მყუდრო, სასიამოვნო გარემო, დაბალი ფასები, მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი, არაგენმოდიფიცირებული ჯანსაღი საკვები, ვეგეტარიანული მენიუ, მსოფლიო სამზარეულოს საუკეთესო კერძები თუ სხვა, კავკასიაში ყველაზე ძველი უნივერსიტეტის სტუდენტებს წლებია თავიანთი კორპუსების (იქნება ეს ვაკის თუ მაღლივის) გარეთ ქუჩაში ფეხზე მდგარს უწევთ ჭამა. სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად არ არის დაცული სანიტარული ნორმები, პროდუქციის წარმომავლობის ცოდნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ბევრს არ აქვს საშუალება ლექციებს შორის შუალედში წავიდეს კარგ კაფესა თუ რესტორანში.

"თსუ-ში კვების ობიექტის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს, სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გასვლა და ქუჩაში ჭამა უწევთ, რაშიც დიდი დრო ეკარგებათ, მაგალითად, ისინი, ვინც მაღლივ კორპუსში სწავლობენ, ძალიან დიდ მანძილს გადიან ყოველდღიურად, რათა დანაყრდნენ. არ შეიძლება, საქართველოში ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტს არ ჰქონდეს კვების ობიექტი, ეს მისი დიდი მინუსია" - აღნიშნავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი ნათია მაღრაძე.

"ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია, სწავლის მაღალ ხარისხთან ერთად თავს კომფორტულადაც ვგრძნობდე უნივერსიტეტში. კვების ობიექტი აუცილებელია! ვფიქრობ, კომპეტენტური ადამიანების მიერ აქამდე უნდა დამდგარიყო ეს პრობლემა დღის წესრიგში"" - აცხადებს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მე-2 კურსის სტუდენტი მარიამ მენაბდიშვილი.

"უნივერსიტეტში უნდა იყოს ბუფეტი, რომელშიც გასაყიდ პროდუქტს ფიქსირებული და ხელმისაწვდომი ფასები ექნება. სტუდენტებსაც თუ მისცემენ იქ მუშაობის საშუალებას, კარგი იქნება. ეს პრობლემა ყველას ძალიან გვაწუხებს და ცუდია, რომ მისი მოგვარება დროში ასეა გაწელილი"" - ამბობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტი ნინი ჩუბინიძე.

"სტუდენტები მუდმივი სტრესის ქვეშ და გადარბენაზე არიან, მათ უამრავ პრობლემას კვების ობიექტის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს. ისინი სრულფასოვნად ვერ იკვებებიან, რადგან ლექციიდან ლექციამდე ქუჩაში, ზოგჯერ ფეხზე მდგომებს, ზოგჯერ კი სიარულის დროს, უწევთ ჭამა, ეს ხომ ძალიან არაკომფორტულია" - გვეუბნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი მარიტა ტყემალაძე.

წლების განმავლობაში სტუდენტები სამართლიანად ითხოვდნენ კუთვნილი კვების ობიექტის გახსნას, მაგრამ ეს რჩებოდა როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... რამდენიმე თვის წინ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და თხოვნით მიმართა რეგენტთა საბჭოს სწრაფად დათანხმებოდა უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის იჯარით გაცემას კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით და ასევე სასწრაფო წესით მოეგვარებინათ იურიდიული საკითხები, რათა პრობლემის გადაჭრას, რომელიც 18000 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტისა და ასევე უნივერსიტეტის პროფესურისა და ადმინისტრაციისთვის უაღრესად აქტუალურია, ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ ჰქონოდა.

რექტორის თანაშემწის მიხეილ გაბელიას განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. "შეგროვდა 2000 ხელმოწერა, რომლის მიზანი იყო რეგენტთა საბჭოსთვის სტუდენტების მკაფიო ნების დემონსტრირება. აღმოჩნდა, რომ რეგენტთა საბჭო არც წინა ხელისუფლებისა და არც ახლის პირობებში დროულად ვერ იღებდა კვების ობიექტზე გახსნის ნებართვას, რაც აუცილებელი იურიდიული პროცედურაა. წინა ხელისუფლების პირობებში წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ვერ მოიპოვა ეს ნებართვა უნივერსიტეტმა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი სხვადასხვა აქტივობის შედეგად ეს პროცესი დაჩქარდა. ნებართვის საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც შედგა და გამარჯვებლიც გამოვლინდა. კვების ობიექტი გაიხსნება როგორც ვაკეში, ასევე მაღლივ კორპუსებში. იურიდიული შეზღუდვების გამო უნივერსიტეტს არ ეძლევა უფლება, თავად დაარსოს შპს და საკუთარი ხარჯებით გახსნას კვების ობიექტი. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი გარკვეულ მოგებასაც მიიღებდა, ფასების მისაღებ დონეზე შენარჩუნებასაც შეძლებდა და ასევე, შესაძლებელი იქნებოდა სტუდენტების დასაქმებაც ამ ობიექტში. კანონი ამას კრძალავს და ტენდერის გამოცხადების ვალდებულება არსებობს. ამ შემთხვევაში კი საიჯარო საფასური იმდენად დიდია, რომ ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება კვების ობიექტის გრძელვადიანად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით" - აღნიშნავს მიხეილ გაბელია.
ახლა ყველაფერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზეა დამოკიდებული.