Red Bull GerGetIt 2013 - ესტაფეტური შეჯიბრი ნამდვილი ექსტრემალებისთვის
16 სექტემბერი, 2013
Red Bull GerGetIt 2013 - ესტაფეტური შეჯიბრი ნამდვილი ექსტრემალებისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
14 სექტემბერი, დილის 10 საათი, მშვენიერი ამინდი და არაჩვეულებრივი განწყობა იმისათვის, რომ „რედ ბულ გერგეთითმა“ სტარტი აიღოს. სტეფანწმინდის ულამაზეს ბუნებაში ექსტრიმისა და სპორტის მოყვარული ახალგაზრდები, მაყურებლის სტატუსით, რედ ბულის“ კარავთან არიან შეკრებილნი და დიდი ინტერესით ელიან კაიაკერების გამოჩენას.
სწორედ კაიაკერთა შეჯიბრით დაიწყო მარათონი. ისინი მდინარე თერგზე დაეშვნენ და 6კმ დაფარეს. მათი კოორდინატორი ცნობილი ექსტრემალი და კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა იყო. მდინარე თერგზე 6 კილომეტრის გავლა მონაწილეებისათვის არც ისე ადვილი გამოდგა, რადგან ფინიშზე მოსული კაიაკერები ძალიან დაღლილები იყვნენ. „თერგდალეულებმა“ ესტაფეტა მეკლდეურებს გადასცეს.

მეკლდეურებს საკმაოდ რთული, 30 მეტრიანი კლდე ჰქონდათ დასალაშქრი. მათი კოორდინატორი ცნობილი მთასვლელი ტატო ნადირაძე გახლდათ. მეკლდეურებმა დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და ასპარეზი სამთო ველომრობოლელებს დაუთმეს.

სამთო ველოსიპედისტებს კოორდინირებას 2010-2013 წლების საქართველოს უცვლელი ჩემპიონი სამთო ქროსში ბესო გავაშელი უწევდა. ექსტრემალმა სპორტსმენებმა ველოსიპედით, საკმაოდ რთული 12 კილომეტრი დაფარეს და გზა სამთო მორბენალებს გაუხსნეს.

7 კილომეტრი იყო დარჩენილი გერგეთამდე, სადაც ფინიში იყო. დარჩენილი მანძილი კი სამთო მორბენალებს ჰქონდათ გასავლელი. მათი კოორდინატორი ცნობილი სპორტსმენი (მძლეოსნობა, სირბილი), ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი იყო. მორბენალების მიერ ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ესტაფეტა დასრულდა და ორგანიზატორებისათვის ყველა შედეგი გახდა ცნობილი.

დაჯილდოების ცერემონიალი სტეფანწმინდაში, „Rooms Hotel Kazbeg”-ში გაიმართა. საპრიზო ფონდი 6000 ლარს შეადგენდა, საიდანაც 3000 ლარი გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო. ასევე დაწესებული იყო სპეციალური პრიზები სპონსორებისაგან იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც თითოეულ დისციპლინაში საუკეთესო დროის შედეგებს აჩვენებდნენ.

გუნდურ შეჯიბრებაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გუნდმა გაიმარჯვა. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ქვეყნების გუნდებმა: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, ჰოლანდია, აშშ, გერმანია და სხვა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ე.წ. After Party, სადაც შეჯიბრში მონაწილეებსა და მაყურებლებს განტვირთვის საშუალება მიეცათ.


ფოტოს წყარო - https://www.redbullcontentpool.com