სტუდენტების ნაწილი დიპლომის მისაღებად ინგლისურის ჩაბარების აუცილებლლობას უარყოფითად აფასებს
სტუდენტების ნაწილი დიპლომის მისაღებად ინგლისურის ჩაბარების აუცილებლლობას უარყოფითად აფასებს ბეჭდვა FaceBook Twitter
მომავალი ისტორიკოსი, თსუ-ს სტუდენტი, ნოდარ ჩხაიძე ფიქრობს, რომ ინგლისური ენის სავალდებულო სწავლების დასაბუთება უფრო იოლია, ვიდრე მისი გაკრიტიკება, თუმცა, იმ სტუდენტებისაც ესმის, ვინც ეწინააღმდეგება ამ გამოცდას - "ინგლისური არის ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული ენა მსოფლიოში, ყველგან აქტიურად გამოიყენება, ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ. მით უმეტეს, რომ ჩვენ აქცენტი დასავლეთზე გვაქვს გაკეთებული და ინგლისური ენის გარეშე მათთან კონტაქტი წარმოუდგენელია".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი თაკო ხახუბია ზოგადად დადებითად აფასებს ცვლილებას, თუმცა, ფიქრობს, რომ უარყოფითი მხარეებიც აქვს - "ერთის მხრივ, აუცილებელია, რადგან ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორეს მხრივ, კი ცოტა რთული იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური არ ჩაუბარებიათ და, ალბათ, ხარვეზებიც მოსალოდნელია".

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, 2011-2012 სასწავლო წლიდან აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო გახდა. იმისათვის, რომ სტუდენტმა დიპლომი მიიღოს, აუცილებელია, ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბაროს. როგორც მაშინ სამინისტროში განმარტეს, რეფორმის მიზანია სტუდენტების საერთაშორისო სტატუსის მქონე ენის შესწავლით დაინტერესება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ სივრცეში სრულფასოვან რეალიზებას.

თუმცა, სანამ გამოცდის შესახებ გახდებოდა ცნობილი, 2010 წლის გაეროს ასამბლეაზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ოფიციალურ გამოსვლაში წარმოადგინა ინგლისური ენის სწავლების ნოვატორული პროგრამა. როგორც პრეზიდენტმა მაშინ განმარტა, მისი მიზანი იყო, "ახალგაზრდა თაობას ფართოდ გაუხსნას გზა პერსპექტიული მომავლისაკენ".

აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის გამოცდის ჩატარებას საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ამ გამოცდის ჩატარება ასევე შეეძლებათ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც შესაბამის ლიცენზიას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისგან მიიღებენ.

ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად აირჩია ინგლისური, მას ინგლისური ენის B2 დონეზე ჩაბარება მოუწევს, ხოლო იმ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლის სხვა უცხო ენას, მას ინგლისური ენის ცოდნა მხოლოდ B1 დონეზე მოეთხოვება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები, რომლებიც ფლობენ თOEFEL-ისა და სხვა საერთაშორისო აღიარების მქონე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, გათავისუფლდებიან გამოცდისაგან.

მინისტრის ბძანებას სტუდენტების მხრიდან მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება. განსაკუთრებით ფორუმებსა თუ "ფეისბუქის" გვერდებზე იგძნობოდა აქტიურობა. ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სტუდენტები, რომლებმაც შესაბამისად არ იცოდნენ ინგლისური, უნდა ჰქონოდათ ნებისმიერი სხვა ენის ჩაბარების საშუალება. ნაწილის აზრით, თუ სტუდენტი საერთაშორისო სივრცეში აპირებს რეალიზებას, რა თქმა უნდა, მისთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ნაწილმა კი - ეს ინგლისური ენის სწავლების დაძალებად აღიქვა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბრძანება კვლავ ძალაშია და არც არანაირი ცვლილება შესულა. ყველა სტუდენტს, რომელიც 2011 წლიდან ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, აუცილებლად მოუწევს ინგლისური ენის ჩაბარება.

ვერიკო ხუციშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორია. მისი აზრით, თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთ აუცილებლობას წარმოადგენს და შესაბამისად, დიმიტრი შაშკინის ბრძანებას დადებითად აფასებს - "ინგლისურსა და, ზოგადად, უცხო ენას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში. რაც შეეხება B2 დონის გამოცდის ჩაბარებას, თუ შესაბამისად იქნება განხორციელებული კურსი, სტუდენტს არ გაუჭირდება ხსენებული დონის გამოცდის ჩაბარება.მე როგორც ენის სპეციალისტი დადებითად ვაფასებ კონრეტულ ცვლილებას (ბრძანებას), მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდის ჩაბარებამდე შესამაბისი კურსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტუდენტი".