სტიპენდია მხოლოდ ორი ფაკულტეტის სტუდენტებს
26 იანვარი, 2014
სტიპენდია მხოლოდ ორი ფაკულტეტის სტუდენტებს ბეჭდვა FaceBook Twitter
“ზოგადად, სტუდენტებისთვის სტიპენდია მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სტიმული გვეძლევა, ვისწავლოთ უფრო კარგად, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენსავე პროფესიონალიზმზე აისახება. რაც შეეხება თეატრალურს, ძალიან ცუდია, რომ ხდება ფაკულტეტების გამორჩევა.
თუ სტიპენდია არის ერთ ფაკულტეტზე, მაშინ დანარჩენ ფაკულტეტებზეც უნდა იყოს, ან საერთოდ არსად! პირად მაგალითზე რომ გითხრათ, პირველ წელს მქონდა იმედი, რომ მხოლოდ ერთ ფაკულტეტს არ ექნებოდა სტიპენდია და უფრო ხალისით, წარჩინებით დავამთავრე ორივე სემესტრი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ არანაირი განსხვავება არ არის 51 ქულას მიიღებ, თუ - 91-ს“ - გვითხრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თათია ტუხაშვილმა.

თათიას მსგავსად ფიქრობს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ჭანკვეტაძეც: “ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ დრამის ფაკულტეტის გარდა, სტიპენდია სხვა ფაკულტეტებსაც ჰქონდეს. სხვა ფაკულტეტზეც სწავლობენ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც იმსახურებენ სტიპენდიას. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო და თავად უნივესიტეტი ამ თემით მეტად დაინტერესდება და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემენ სტიმულს, რომ უკეთ ისწავლონ“.

სტუდენტების ამგვარი პოზიცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდია მხოლოდ ორ, დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტზე გაიცემა, რომელსაც კულტურის სამინისტრო აფინანსებს. სტიპენდიატთა რიცხვი წელიწადში, დაახლოებით, 68 სტუდენტს აღწევს და თანხის ოდენობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულით განისაზღვრება.

როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, კულტურის სამინისტრომ თავად გადაწყვიტა, რომ დაფინანსებისას აქცენტი საშემსრულებლო პროფესიებზე გაეკეთებინა, ისეთებზე, როგორიც დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებია.

აღნიშნულ საკითხზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი ირაკლი ნარმანია საუბრობს.