როდის ექნება თეატრალურ უნივერსიტეტს ელექტრონული ბაზები?!
22 თებერვალი, 2014
როდის ექნება თეატრალურ უნივერსიტეტს ელექტრონული ბაზები?! ბეჭდვა FaceBook Twitter
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არსებობს ელექრონული ბაზები. როგორც სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტში ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლის გამოც ძალიან ზარალდებიან.

"ელექტრონული ბაზების არქონის გამო ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება. თუნდაც ის, რომ ცუდად ყოფნის შემთხვევაში ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიგებთ, ელემენტარულად, ქულებსაც კი. სისტემატურად არის დაპირება იმაზე, რომ გვექნება მომავალი წლიდან და ამ დრომდე არ გვაქვს ბაზები" - გვითხრა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა ხათუნა ჯანაშვილმა.

თეკლა ქველაძემ, რომელიც ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, აღნიშნა, რომ ელექტრონული ბაზების არქონის გამო, სტუდენტებს ყველა დეტალის გასაგებად უნივერსიტეტში უწევთ მისვლა: "თუ უნივერსიტეტში არ მოხვედი, იმასაც ვერ გაიგებ ლექციები ტარდება თუ არა. ამ შემთხვევაში ვზარალდებით მხოლოდ ჩვენ. დეკანატები არის მეორე კორპუსში, გვიწევს იქ გადასვლა და ყველა დეტალის იქ გარკვევა. ქულების გამოც კი სპეციალურად მოვდივართ და ელექტრონული ბაზების არქონის გამო, ტექნიკური პრობლემები გვექნება".

როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ განაცხადა, ეს სამართლიანი შენიშვნაა, თუმცა, ეს ისევ და ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული: "სამართლიანი შენიშვნაა, და ეს არის არა მარტო თეატრალურის, არამედ ყველა სახელოვნებო უნივერსიტეტის პრობლემა. ყველა შემთხვევაში, მივდივართ იქამდე, რომ თეატრალური არის მცირებიუჯეტიანი უნივერსიტეტი. ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არის აბსოლუტურად საჯარო და ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია ყველას. ჩვენი ბიუჯეტი წელიწადში შეადგენს მილიონ შვიდასი ათას ლარს. ეს არის თანხა, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა იმ ხარჯს, რომელიც აქვს უნივერსიტეტს, ეს იქნება მცირე ხელფასების გაცემა, კომუნალური გადასახადები, ასევე ამ მწირი ბიუჯეტით ხდება ისეთ დარგების შენახვა, როგორიც არის აუდიო ვიზუალური მიმართულება, თეატრალური ხელოვნების, სამუსიკო, თუ ქორეოგრაფიული მიმართულება. ეს მოითხოვს შესამაბის აპარატურას, განათებას და ა.შ. საბოლოოდ ხარჯები ძალიან დიდია".

თამარ ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი განათლებაა და უნივერსიტეტებს სუბსიდირების რეჟიმზე გადაიყვანს, ეს პრობლემა უფრო ადვილად მოგვარებადი იქნება: "ელექტრონული ბაზების შექმნა ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. შესაბამისად, თუ კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ერთდროულად იზრუნებენ, რომ ხელი შეუწყონ ასეთ უნივერსიტეტებს, რომ განავითარონ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რა თქმა უნდა, ეს უფრო ადვილად მოგვარებადი იქნება. დღეს უნივერსიტეტის მთავარი დამფინანსებელი თავად სტუდენტია. მაშინ, როდესაც ყიდულობ ასეთ ძვირადღირებულ პროგრამას, როგორიცაა ელექტრონული ბაზა, ეს იმასაც მოიაზრებს, რომ შენ უნდა შეძლო გადაამზადო შესაბამისი კადრები, ვინც ამ ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციას განათავსებს".

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თქმით, ელექტრონული ბაზების შექმნა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის, მეტიც, ამ ტიპის ბაზა შემუშავებულია. ახლა საჭიროა, რომ გამოცხადდეს ტენდერი, გამოვლინდეს გამარჯვებული, რომელიც იმ ტიპის პროდუქტს შექმნის, რომელიც სურს უნივერსიტეტს.