თეატრალურში სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შანსი წელიწადში ერთხელ ეძლევათ
08 მარტი, 2014
თეატრალურში სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შანსი წელიწადში ერთხელ ეძლევათ ბეჭდვა FaceBook Twitter
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობას წელიწადში მხოლოდ ერთხელ აცხადებს და აქ ჩარიცხვის წესიც ბევრად განსხვავდება სხვა უნივერსიტეტების მობილობის წესებისგან. სტუდენტს, რომელსაც თეატრალურში სწავლის გაგრძელება სურს, აუცილებლად უნდა გაიაროს შიდა ტური, რომელიც შემოქმედებითია.
ეს მისაღები გამოცდების ანალოგიურ შემოქმედებით გამოცდას გულისხმობს, რომელიც სტუდენტმა უნდა გაიაროს და საკუთარი შესაძლებლობა კომისიას აჩვენოს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტს, აქაც შიდა გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელიც წინა კურსის მასალიდან გამოცდას გულისხმობს. მობილობით მიღებულ სტუდენთა რაოდენობა შეზღუდულია და დაახლოებით, რეჟისურაზე 4-6 სტუდენტის, ხოლო სამსახიობოზე 10-12 სტუდენტის მიღებას გულისხმობს. უნივერსიტეტში შიდა და გარე მობილობა ერთდროულად ცხადდება და ეს შემთხვევითი არ არის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტი თამარ ვეფხვაძე ამბობს, ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან მობილობის დროს ცალკე კომისია იქმნება.

თეატრალურში თავართქილაძის უნივერსიტეტიდან გადმოსული ლაშა ბერძენიშვილი არჩევანით კმაყოფილია: "ცოტა განსხვავებულია თეატრალურისა და თავართქილაძის სწავლება. თეატრალურში ტელე-რადიოს ვსწავლობ, ანუ მოცემულია კონკრეტული განხრა, თავართქილაძეში არჩევანს მესამე კურსზე გავაკეთებდი. მობილობის პროცედურა ძალიან ადვილია, შევიტანე განაცხადი განათლების სამინისტროს საიტზე და მივუთითე უნივერსიტეტი, რომელშიც მსურდა სწავლის გაგრძელება. მას მერე, რაც ჩემი სკალირებული ქულით დავაკმაყოფილე თეატრალური უნივერსიტეტის ზღვარი, ჩაგვიტარდა შიდა ტური. ეს იყო გამოცდის სახით, რომელიც გოგა ჩართოლანმა ჩაგვიტარა და კითხვები შეეხებოდა პირველი კურსის მასალას. შიდა ტურის გავლის შემდეგ ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. არჩევანით კმაყოფილი ვარ, რადგან თავართქილაძეში ბევრი ფაქტორი იყო ისეთი, რომელიც არ მომწონდა, თუმცა, რამდენიმე ძალიან კარგი ლექტორი გვასწავლიდა, რომელთა ლექციებს ახლაც სიამოვნებით მოვისმენდი".

საქართველოს უნივერსიტეტიდან მობილობით გადასული შოთა დიმიტრიშვილი ამბობს, რომ თეატრალურმა მისი მოლოდინი სწავლასთან მიმართებაში არ გაამართლა: "მობილობისას თეატრალური უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ სანამ ჩავაბარებდი, მანამდეც მინდოდა აქ სწავლა, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ჩემი იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა თეატრალურმა უნივერსიტეტმა უფრო სწავლის კუთხით. პრაქტიკულ ნაწილში, მეტ-ნაკლებად ვაკეთებთ რაღაცას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის".

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე საქართველოს უნივერსიტეტიდან გადავიდა ბექა ჯიქურაშვილიც, რომელიც შოთასგან განსხვავებით თეატრალური უნივერსიტეტით უკმაყოფილო არ არის: "ჩემი მობილობით გადმოსვლის მიზეზი გადასახადი იყო, საქართველოს უნივერსიტეტში გაცილებით მაღალი გადასახადია, უფრო სიმკაცრე და მოთხოვნა იყო სწავლის მხრივ, თუმცა, არც თეატრალურით ვარ უკმაყოფილო".

მობილობის პროცედურასა და წესებზე თამარ ვეფხვაძეს გავესაუბრეთ.