„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები საგამოცდო ცენტრზე
29 ივნისი, 2014
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები საგამოცდო ცენტრზე ბეჭდვა FaceBook Twitter
„საგამოცდო ცენტრის მუშაობა არ არის გამართული, ხშირად ხელს უშლიან სტუდენტებს გამოცდის წერაში. ხმაურობენ, ლაპარაკობენ, ჩხუბობენ და ა.შ. ნუცუბიძეზე რომ ვიყავით, ბევრად უფრო გამართული იყო, თუმცა, ეგ თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი კი არა, აგრარულის საგამოცდო ცენტრია, ჩვენთან კარგად იყო ყველაფერი. აქ უფრო ბიუროკრატიული სისტემაა იქიდან გამომდინარე, რომ დიდი უნივერსიტეტია“ - აღნიშნა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი მარიამ მაყაშვილი.

საგამოცდო ცენტრის გაუმართაობა - ეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტების მიერ დასახელებული პრობლემაა, რომელიც ჩვენი წინასწარი გამოკითხვის პროცესში გამოთქვეს.

თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ საგამოცდო ცენტრი ეს არის ჩვეულებრივი სერვისცენტრი, რომელიც სტუდენტებისთვის ქმნის საგამოცდო ადგილებს: “სტუდენტები კომპიუტერთან აბარებენ გამოცდებს (საგამოცდო ცენტრში ეტევა დაახლოებით, 200 ადამიანი). ეს ადგილები ნაწილდება იმ გამოცდებს შორის, რაც ტარდება უნივერსიტეტში. საგამოცდო ცენტრი თავად გეგმავს და ემსახურება ორივე, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტს. ეს არის საგამოცდო ადგილი, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ გამოცდა უპრობლემოდ ჩატარდეს“.

მას შემდეგ, რაც „თავისუფალი უნივერსიტეტი“ დიღმის კამპუსში გადავიდა, ერთი საგამოცდო ცენტრი შეიქმნა, სადაც 200 სტუდენტი ერთდროულად აბარებს გამოცდას. თუმცა, უნივერსიტეტში გამოცდების მიმართ სხვადასხვა მიდგომაა. გამოცდის ტიპი დამოკიდებულია საგნის ლექტორზე და ასევე, საგნის სპეციფიკაზე. როგორც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პრორექტორმა მარინა ქარჩავამ განგვიმარტა, შესაძლოა, გამოცდა ზეპირი იყოს, ან ისეთი ფორმატის, რომელიც საგამოცდო ცენტრში ჩაბარებას არ მოითხოვდეს. ამ შემთხვევაში, ლექტორი თავად წყვეტს, რა სახით ჩაიბარებს გამოცდას.
არსებობს ისეთი საგნებიც, სადაც ლექტორი ყველა სტუდენტს რთავს ნებას, გამოიყენოს განსაზღვრული ლიტერატურა, რომელიც კომპიუტერშივე იტვირთება. საგამოცდო ცენტრი დაყოფილია სექტორებად. სექტორის ნომერს შესასვლელშივე გასცემენ რეგისტრატორები. დანიშნულ დროს იტვირთება სამუშაო ფაილები და საგამოცდო დროის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ ადმინისტრატორი კრეფს კომპიუტერებიდან ნაშრომებს.

საგამოცდო ცენტრში მოწყობილია ვიდეო, სავინტილაციო და სათადარიგო ნათურები, დგას წყლის ტუმბო, აგრეთვე არის გამოყოფილი ადგილი სველი წერტილისთვის. ყოველი 10 ლექტორისთვის გამოყოფილია 1 კარადა, სადაც სტუდენტები ალაგებენ მობილურებსა და პირად ნივთებს.

ყველა სექტორს თავისი დამკვირვებელი ჰყავს. მიღებული გაფრთხილების შემდეგ დამკვირვებელს უფლება აქვს, სტუდენტს გამოცდა დაატოვებინოს, რის შემდეგაც გაუქმდება ნაწერი და სტუდენტს ხელმეორედ მოუწევს გამოცდაზე გასვლა.
საგამოცდო ცენტრის მუშაობაზე პასუხი არ აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს ილო ღლონტს, რომელმაც გვითხრა, რომ ის მეოთხე კურსზეა და გამოცდები 20-კაციან აუდიტორიაში განცალკევებით უტარდება, რის გამოც საგამოცდო ცენტრზე მისი პასუხი ვერ იქნება კომპეტენტური.

გამოცდების დასრულებისთანავე იწყება ნამუშევრების გასწორების პროცესი. ლექტორი ვალდებულია, შუალედური შეფასებები გაუგზავნოს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტის სარეგისტრაციო ოფისს შუალედური შეფასების ჩატარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დასკვნითი გამოცდის შეფასება კი - 10 სამუშაო დღის ვადაში. შედეგები უნდა იყოს მითითებული შესაბამისი შეფასების უწყისში, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიერ სტუდენტებზე შედეგების შეტყობინება ხდება შედეგების მიღებიდან 3 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, ის უფლებამოსილია (2 დღის ვადაში) დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილობითი პრეტენზიით მიმართოს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს (პრეტენზიას აგზავნის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
მას შემდეგ, რაც კომისია განიხილავს სტუდენტის პრეტენზიას, ახდენს სტუდენტის ნამუშევრის განმეორებით შეფასებას, რის შედეგადაც, შესაძლოა, გაუმჯობესდეს, ან პირიქით, გაუარესდეს მიღებული თავდაპირველი შეფასება.