შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებული სტაჟირება
22 ივნისი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებული სტაჟირება ბეჭდვა FaceBook Twitter
"ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივიდა შეტყობინება, რომ დასაქმების თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრთან იგეგმებოდა შეხვედრა და სტაჟირების სურვილის შემთხვევაში, სტუდენტური სერვისცენტრისთვის პირადი მონაცემები უნდა გადაგვეგზავნა, გავაგზავნეთ " - გვითხრა ილიაუნის ფსიქოლოგიის სპეიალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა ეთო ივანელაშვილმა.

გასული წლის 19 დეკემბერს ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს გაუგზავნა შეტყობინება შსს-ში სტაჟირების შესახებ. სივის გაგზავნის შემდეგ, პასუხად მოუვიდათ, რომ მათი განაცხადი განიხილებოდა და სამოტივაციო წერილი უნდა გაეგზავნათ დამატებით.

მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სტუდენტებს არავინ დაკავშირებია. "მე მივწერე სტუდენტურ სერვისცენტრს. მაინტერესებდა რა ხდებოდა დასაქმებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, დაელოეთ, დაგიკავშირდებიანო" - გვითხრა ეთომ.

გამოჩენილი უყურადღებობის შემდეგ, სტუდენტებმა გადაწყვიტეს,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მისულიყვნენ და იქ გაერკვიათ, თუ რატომ არ ხდებოდა რეალურად სტუდენტებისთვის დანაპირების შესრულება. "რა თქმა უნდა, თვითონ მინისტრთან არავინ გვამისამართებდა. მხოლოდ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიცით დასაქმების შესახებ არაფერიო. გვაძლევდნენ ათასნაირ შიდა ნომერს, რომ დარეკეთ და იქ აგიხსნიანო".   გადამისამართების შემდეგ, იქიდანაც მსგავსი პასუხი მიიღეს, რომ არ ფლობდნენ არანაირ ინფორმაციას დასაქმების შესახებ.

"ყოველივე ამის შემდეგ, სტუდენტებს გვიჩნდება აზრი, რომ ძალოვანი სტრუქტურები, სამინისტროები და ა.შ. ზრუნავენ მხოლოდ პიარზე და ნებისმიერი ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრა დასაქმებასთან დაკავშირებით, მხოლოდ რეკლამაა" - აღნიშნა ეთომ.

ჩვენ დავუკავშირდით ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, საიდანაც გავარკვიეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის შეხვედრის ფარგლებში ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით შემოიფარგლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემას აგვიანებს. "თავისუფალი ასოციაცია" ოპერატიულად შეგატყობინებთ უწყების მოსაზრებას, როგორც კი, სტაჟირების თემაზე სამინისტროს წარმომადგენელი კომენტარს გააკეთებს.