დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ
21 დეკემბერი, 2014
 დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ ბეჭდვა FaceBook Twitter
6 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ. დისკუსია ეხებოდა საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობას. საინტერესოა, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მოწყობა, რა პრობლემები გამოიკვეთა დისკუსიის ფარგლებში და რამდენად არის ხელმისაწვდომი საქართველოში უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, დისკუსია უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ ასევე ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში (10 და 31 ოქტომბერს), ხოლო ნოემბერში - ბათუმის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში (20 და 21 ნოემბერს).

როგორც ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრის” პროგრამების მენეჯერმა, ნათია ნანავამ აღნიშნა, პროექტის ფინალურ ეტაპზე იგეგმება უმაღლესი განათლების ფორუმის ჩატარება, რომელიც იქნება შემაჯამებელი ღონისძიება და რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სამთავრობო, აკადემიურ და საზოგადოებრივ სექტორებს ექსპერტული განხილვისა და ურთიერთთანამშრომლობითი დიალოგის ფორმატში: „ფორუმის მიზანია, ერთის მხრივ შეაჯამოს საჯარო დებატების პროცესი, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციის გავრცელების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალება და მეორე მხრივ, შექმნას საზოგადოებრივი პლატფორმა უმაღლესი განათლების სფეროში საკითხების აქტუალიზაციის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ჩართულობისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ნათია ნანავამ ასევე გაგვაცნო ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული დისკუსიის ფარგლებში: „დისკუსიის დროს გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემატური საკითხი. მაგალითად, ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ხდება ეთნიკური უმცირესობებისათვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების შევსება, რაც განპირობებულია იმით, რომ ქალაქ თელავის არამკვიდრ სტუდენტებს არ გააჩნიათ მატერიალური საშუალება სახცოვრებელი ადგილის დასაქირავებლად (და ეს ეხება არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებს), ასევე ბარიერს წარმოადგენს სახელმწიფო ენის ანუ ქართული ენის არასათანადო ცოდნა. განათლების სამინისტროს მიერ ეთნიკური უმცირესობებისათვის შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი პროგრამა ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, ვინაიდან, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ერთი წელი ზოგ შემთხვევაში არ არის საკმარისი ქართული ენის იმ დონეზე დასაუფლებლად, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა შეძლონ უნივერსიტეტში სწავლა, რაც თავისთავად იწვევს, პოტენციური სტუდენტების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადინებას“.

ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა, ნინო კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობა დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაში, არამედ განათლების ყველა საფეხურზე: „აღნიშნული დისკუსიის გარდა, ჩვენმა ფონდმა ასევე დააფინანსა კვლევა იმისათვის, რომ კონკრეტული და დღევანდელობისათვის შესაბამისი პასუხები გავცეთ შემდეგ კითხვებს: რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის და რა უნდა გაკეთდეს, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის პროექტი - ”უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: არსებული მდგომარეობა და მისი გაზრდის სტრატეგიები”. პროექტი მოიცავს კვლევის ჩატარებას და ამ კვლევის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას. პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია ინფორმაციის მიღება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხზე, ხელმისაწვდომობის ბარიერებზე და მათი დაძლევის გზებზე. მოხდება უმაღლესი გაანთლების ხელმისაწვდომობის გზების გაზრდის სტრატეგიების იდენტიფიცირება და ინფორმაციის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიწოდება რეკომენდაციის პოლიტიკაში გათვალისწინების მიზნით“.