თსუ-ს ელექტრონული ბაზის გაუმართაობა ერთ წელში გამოსწორდება
08 ნოემბერი, 2012
თსუ-ს ელექტრონული ბაზის გაუმართაობა ერთ წელში გამოსწორდება ბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგიჭირდებათ სტუდენტის პოვნა, ვისაც ელექტრონულ ბაზასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.
სწავლის დაწყებისთანავე ყოველ სემესტრში სტუდენტები აკადემიურ რეგისტრაციას გადიან და ელექტრონულ ბაზაში უწევთ საგნების არჩევა http://sms.tsu.ge. მაღალი აქტივობის გამო საგნების არჩევის დროს სერვერი იტვირთება და სტუდენტებს სასურველი საგნისა და ლექტორის არჩევის საშუალებას არ აძლევს. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე თევზაძეც ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით, რეგისტრაციის დღეს შევიდა სმს.ტსუ.გე-ზე, სადაც მისი პროფესიის სავალდებულო საგნები გახსნილი უნდა ყოფილიყო, ასევე რამდენიმე არჩევითიც. თუმცა, მან ვერ შეძლო სემესტრის მიხედვით მისი პროფესიის სავალდებულო საგნების არჩევა, რადგან პროგრამამ ამის საშუალება არ მისცა და სხვა სემესტრის საგნები აირჩია. მისი აზრით, საიტი ტექნიკურად გაუმართავია და სტუდენტთა დიდი რაოდენობაზე გათვლილი არ არის.
ფსიქოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ნინო ნადირაშვილის თქმით, წელს საგნების არჩევის პრობლემას ისიც დაემატა, რომ ლექტორების ვინაობა გაურკვეველი ასოებით იყო მითითებული. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით არსებული ვითარება მკვეთრად გამოსწორდა.
იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის გიორგი სვანიძის თქმით, სერვერი არის სუსტი, რის გამოც ვერ უძლებს დატვირთვას.
სტუდენტებისგან განსხვავებული აზრი აქვს თსუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ჯიქიას. მისი თქმით, სერვერი, რომელიც ახლა ემსახურება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემას, საკმაოდ ძლიერია და მისი სიმძლავრე აკმაყოფილებს თსუ-ს აქტიური სტუდენტების რაოდენობას. მისი ინფორმაციით, სერვერი მუშაობს ჭინდოწს შერვერ 2008 ღ2 ოპერაციულ სისტემაზე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის - ანდრო ბარნოვის განცხადებით, პროგრამა უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ იტევდეს დიდი რაოდენობის ინფორმაციას. ანდრო ბარნოვის თქმით, მეორე სემესტრისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
ზურაბ ჯიქიას განცხადებით, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის დახვეწა და ოპტიმიზირება მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, თსუ-ში შექმნილია ჯგუფი, რომელიც მუშაობს აკადემიური რეგისტრაციის დროს შექმნილ ტექნიკურ პრობლემებზე. ის იმედოვნებს, რომ გაზაფხულის აკადემიური რეგისტრაცია მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე ჩაივლის.
უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდერე კვიტაშვილი სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ერთ წელში სასწავლო ბაზების გაუმართაობა გამოსწორდება.

მაია აბაიაძე
მარიამ ძაგოევი