თსუ-ში უცხოელი სტუდენტებისთვის ლექციების ნახევარზე მეტი გაუგებარია
08 ნოემბერი, 2012
თსუ-ში უცხოელი სტუდენტებისთვის ლექციების ნახევარზე მეტი გაუგებარია ბეჭდვა FaceBook Twitter
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოდიან და ქართულენოვან სექტორზე აგრძელებენ სწავლას ქართველ სტუდენტებთან ერთად, ხვდებიან, რომ აკადემიურ ენაზე მოსმენილი ლექციები მათთვის გაუგებარია.

მუსა თორაი და თუღბა იავუზი საქართველოში სასწავლებლად 2008 წელს ჩამოვიდნენ თურქეთიდან. მათ ქართული ენა ერთი წლის განმავლობაში თსუ-ს მოსამზადებელ ცენტრში ისწავლეს და შემდეგ ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩააბარეს. როგორც ისინი აცხადებენ, ფსიქოლოგია თურქეთში ძალიან პოპულარული პროფესიაა, კონკურსიც დიდია და საკუთარ ქვეყანაში ამ ფაკულტეტზე მოხვედრა ვერ შეძლეს. თავად სტუდენტები საქართველოში ენის ცუდად ცოდნის გამო სამსახურს ვერ პოულობენ. აღნიშნავენ, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ლექციებზე ვერ აქტიურობენ და მოსმენილის მხოლოდ 30%-ს იგებენ. ყველაზე მეტად კი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარებული გამოცდების ჩაბარება უჭირთ, გადალაპარაკებისთვის სტუდენტებს დარბაზს ატოვებინებენ და ისინი მარტო რჩებიან საკუთარ ფურცლებთან.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად,თსუ-ში 259 უცხო ქვეყნის მოქალაქე იღებს განათლებას, აქედან 222 მათგანი სწავლობს თსუ-ს საბაკალვრო პროგრამებზე, 31 - მაგისტრობის კანდიდატია, ხოლო 6 - სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის შალვა აბზიანიძის თქმით, მას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის უსწავლებია და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მათ უჭირთ ქართულ სექტორზე სწავლა, პროგრამის დაძლევა, თუმცა, ლექტორები ქულებს მაინც უწერენ. ის მიიჩნევს, რომ ქართული ენის შესასწავლად მათთვის ერთი წელი საკმარისი არ არის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებიან არამარტო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც ბოლო ორი წლის მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარადგენენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. განათლების სამინისტროში არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც იხილავს ამ დოკუმენტაციას და შემდეგ განათლების მინისტრის ბრძანებით ეძლევათ სწავლის უფლება. მისი თქმით, უნივერსიტეტის როლი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოელი სტუდენტების მიერ მოთხოვნილ პროგრამაზე ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში გასცენ თანხმობის წერილი. მისი ინფორმაციით, თსუ-ს აქვს რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და შერეული (ქართულ-ინგლისური) პროგრამები, ამ უკანასკნელზე სწავლის მსურველებმა ქართული უნდა იცოდნენ. მისი განმარტებით, თსუ ქართული ენის არცმოდნე სტუდენტებს ენის შემსწავლელ ცენტრში კურსებს სთავაზობს, თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი რეპეტიტორთან მომზადებას ამჯობინებენ.

კახა გაბუნიას თქმით, რომელიც თსუ-ს ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ასოცირებული პროფესორია, პროგრამა "1+4" 2010 წელს შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით. არაქართულენოვანი სტუდენტები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართული ენის მოსამზადებელ კურსს. მისი განცხადებით, რთულია, ერთ წელიწადში ასწავლო ის, რაც 12 წლის მანძილზე სკოლაში უნდა ესწავლათ, ძირითადად ესენი არიან აზერბაიჯანელი და სომხურენოვანი სტუდენტები, რომელთა სასკოლო განათლების დონე დაბალია. რაც შეეხება ჩარიცხვას, კახა გაბუნიას ინფორმაციით, ისინი საკუთარ ენაზე აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და შემდეგ თსუ-ს ცენტრში ეუფლებიან ქართულ ენას. ოფიციალურ გამოცდას არ აბარებენ, ტესტირებას გადიან და ჯგუფებში ნაწილდებიან. ცენტრში ასწავლიან საკომუნიკაციო ქართულს და არა სპეციალობის ენას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვალერიან გობრონიძის ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის სტატისტიკა შემდეგია: 2005-2012 წლებში საბაკალავრო პროგრამებზე 4278 უცხოელი სტუდენტია რეგისტრირებული. უცხო ქვეყნის მოქლაქეების საქართველოში სწავლის მსურველთა რაოდენობა ყველაზე მაღალი წელს იყო, მათმა რიცხვმა 1393-ს მიაღწია, ხოლო მაგისტრატურაზე სწავლა წელს 116 -მა უცხოელმა სტუდენტმა განაგრძო.

განათლების საკითხების მკვლევარის შალვა ტაბატაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტუდენტებად მიღებისას სტანდარტულია. მათ სთხოვენ მინიმალური ენობრივი ზღვარის გადალახვას ტესტირების გზით და ამის დადასტურების შემდეგ ხდება მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. არსებობს სხვა პრაქტიკაც, სტუდენტს იღებენ პირობით, რომ მან უნდა ჩააბაროს ენის ტესტირება და ჩაბარების შემთხვევაში ხდება სტუდენტი, ხოლო მანამდე გადის ენის კურსს და ეუფლება ენას, რომ შეძლოს სწავლის გაგრძელება. შალვა ტაბატაძის ინფორმაციით, ენობრივი პრობლემა უცხოელი სტუდენტებისთვის ყველა ქვეყანაში არსებობს. თუმცა, უმაღლესი სასწავლებლები მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ. საზღვარგარეთ უნივერსიტეტები ხელს უწყობენ საერთაშორისო სტუდენტებს და მათ აკადემიურ და სოციალურ ინტეგრაციას, რომ ენობრივი ბარიერი არ გახდეს მათი აკადემიური ჩამორჩენის მიზეზი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თვითონ ენის სწავლების კურსები უფრო ეფექტურია მეთოდოლოგიური და სწავლების თვალსაზრისით.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თსუ-ში მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მაგრამ ის არა უცხოელი სტუდენტებისათვის, არამედ საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი (აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი) ახალგაზრდებისათვისაა განკუთვნილი, რომლებიც ამ პროგრამაზე ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტუდენტებად მიღებას, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ქართულენოვან საგანმანთლებლო პროგრამებზე მათი ჩარიცხვის წინაპირობაა გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაში, სადაც ჩარიცხვის კანდიდატმა ენის B2 დონეზე ცოდნა უნდა დაადასტუროს.

თურქეთის მოქალაქე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულეოვანი საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები კი აღნიშნავენ, რომ აკადემიურ ენაზე მოსმენილი ლექციების ნახევარზე მეტი, მიუხედავად ქართული ენის კურსის გავლისა, მათთვის გაუგებარი რჩება.

ავტორი ნაზი გამგებელი