"ქართულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩავაბარე და არა ინგლისურზე"
13 ივლისი, 2013
"ქართულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩავაბარე და არა ინგლისურზე" ბეჭდვა FaceBook Twitter
დამხმარე ლიტერატურად უცხოენოვანი მასალის გამოყენება თითქმის ყველა უნივერიტეტისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის დამხმარეა და სტუდენტები ძირითად საგნებს ქართულ ენაზე უნდა გადიოდნენ. როგორც აღმოჩნდა, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში უცხოენოვანი მასალები ზოგჯერ მთავარ ლიტერატურადაც კი არის წარმოდგენილი.
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტის მამუკა საფარიძის თქმით, მის მიმართულებაზე უცხოენოვანი ლიტერატურა არსებული კურსის 90%-ის სავალდებულო საკითხავი რიდერებია. მესამე დონის (მესამე და მეოთხე კურსი) საგნების ლიტერატურა, ძირითადად, ინგლისურ ენაზე აქვთ. ამდენად, სემესტრში მინიმუმ 4 საგანს ინგლისურენოვანი ლიტერატურით გადის. "უცხოენოვანი ლიტერატურით ხელმძღვანელობა აუცილებელია, რამდენადაც ჩემს სფეროში ქართული ლიტერატურა, მით უმეტეს ახალი და არა მოძველებული, ძალიან ცოტაა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, სავალდებულო მასალები ქართულ ენაზე იყოს, რადგანაც ქართულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩავაბარე და არა - ინგლისურზე" - გვითხრა მომავალმა დიპლომატმა.

უცხოენოვანი ლიტერატურა მარტო ინგლისური ენით არ შემოიფარგლება. "გარდა ინგლისური ენისა, ამ სემესტრში რუსულენოვანი სავალდებულო ლიტერატურაც გვქონდა. გავდიოდით საგანს - რუსეთის საგარეო პოლიტიკა. მასალების ნაწილი რუსულ ენაზე იყო, რომელიც სილაბუსში ძირითად ლიტერატურად არის მითეთუბული და შესაბამისად, სავალდებულო იყო. თარგმნა არ მიჭირს, რადგან ენის პრობლემა არ მაქვს. ერთადერთი არის ის, რომ მასალები დიდი მოცულობისაა, ამას ბევრი დრო სჭირდება. პრობლემაა ისიც, რომ ინგლისურად ნასწავლი მასალა მერე ქართულად უნდა გადმოვცე სემინარზე. პირადად მე მირჩევნია ინგლისურად ან რუსულად ჩავაბარო სემინარი, ვიდრე ის გადავაქართულო" - აღნიშნა მამუკამ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები უცხეონოვანი ლიტერატურით არ იხელმძღვანელებენ, ეს პირდაპირ აისახება მათ შედეგებზე. "როცა მასალა მხოლოდ ინგლისურადაა და არ წაიკითხავ, ვერც სემინარს ჩააბარებ და ვერც გამოცდას. ასევე, დაგაკლდება, ან საერთოდ არ დაგეწერაბა ქულა" - გვითხრა მამუკამ. მისი აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია - "ლექტორები, პროფესორები უნდა მუშაობდნენ აკადემიური მიმართულებით, წერონ ქართულად აკადემიური ნაშრომები, თარგმნონ არსებული ინგლისური ლიტერატურა და ა.შ. სტუდენტებიც თანახმა ვართ, დავუთმოთ დრო მთარგმნელობით საქმიანობას, თუმცა, ახლა ამ საქმის კეთება იმიტომ გვიწევს, რომ საგანი ჩავაბაროთ და არ ჩაგვრჩეს. ეს არ არის იოლად მოსაგვარებელი პრობლემა. ლექტორს სჭირდება სახსრები, რომ ნათარგმნი მასალა გამოსცეს, ან აკადემიური კვლევა ჩაატაროს და ა.შ. ვფიქრობ, ყველაზე კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტი მთარგმენელობით ინსტიტუტს დაარსებს ან რამე მსგავსს" - განაცხადა მამუკა საფარიძემ.

თსუ-ს სტუდენტი მარიამ წინამძღვრიშვილი ცუდ თარგმანზე აკეთებს აქცენტს - "უცხოენოვან ლიტერატურას ბევრ საგანში ვიყენებთ. თარგმანები ცუდია და არ არის მოსახერხებელი. როგორც ვიცი, სილაბუსით უცხოენოვანი ლიტერატურა არ არის აუცილებელი. იქ მხოლოდ ნათარგმნი წიგნებია მითითებული, მაგრამ რეფერატის და დამატებითი დავალებების შემთხვევაში მაინც გვიწევს გამოყენება" - აღნიშნა მარიამმა.

ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორის ნინო ჭალაგანიძის თქმით, უცხოენოვანი ლიტერატურა არ არის სავალდებულო - "აკრედიტაციის სამსახურის დებულება გვავალდებულებს, ძირითად სახელმძღვანელო მასალად ქართულენოვანი წიგნები გამოვიყენოთ. ეს საკმარისია კრედიტის დასაძლევად, რაც შეეხება დამხმარე ლიტერატურას, ჩვენც გვსურს, მონდომებულ სტუდენტებს გავუზარდოთ თვალსაწიერი. საკითხი ასე არ დგას, რომ მაინცადამაინც თარგმანების გამოყენებას ვთხოვდეთ, მაგრამ იმედს კი ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტუდენტები უცხო ენას იმდენად ფლობენ, რომ საინტერესო მასალა (რაც მათი ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება) შეიმეცნონ. ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ, მხოლოდ ინგლისურად ან რუსულად მოემზადონ? ამიტომაც ჩემთან უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს" - განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.