სპორტული ცხოვრება ინფრასტრუქტურის გარეშე
20 ივლისი, 2013
სპორტული ცხოვრება ინფრასტრუქტურის გარეშე ბეჭდვა FaceBook Twitter
მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სპორტში მიღწევები აქვს, როდესაც სტუდენტებს ვკითხეთ, კმაყოფილნი არიან თუ არა საკუთარი სპორტსმენების მიღწევებით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა, სპორტის რომელ სახეობებში ჰყავს გუნდი მათ უნივერსიტეტს.
ამ საკითხზე ილიაუნის თვითმმართველობის თავჯდომარის მოადგილეს, რომელიც ასევე სპორტს კურირებს, თორნიკე ჩიქოვანს შემდეგი პასუხი აქვს - "ფინანსები სჭირდება ყველაფერს, იმასაც, რომ რაღაც გააკეთო და პოპულარიზაცია გაუწიო. მეორე არის ის, რომ სტუდენტების ინტერესიც არ არის. მაგალითად, ფეხბურთის გუნდებს ვწერდი ჯგუფებში სათამაშოდ, მაგრამ არავინ მოდიოდა ჩასაწერად, ანუ არ იყო დაინტერესება. თუ მათი მხრიდან არ იქნება ინტერესი, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ".

როგორც თორნიკე ჩიქოვანმა გვითხრა, უნივერსიტეტს ოფიციალურად გუნდები ფეხბურთში, კალათბურთსა და რაგბიში ჰყავს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა შეჯიბრებაზე ყველა სახეობაში იღებს მონაწილეობას. "მოყვარულები არიან. მაგალითად, უნივერსიადისთვის მოდიან და ეწერებიან სხვადასხვა სახეობაში. დარეგისტრირდებიან და კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ანუ ვისაც მეტი გამოცდილება აქვს".

როგორც ჩანს, არც გოგოები არიან აქტიურად ჩაბმულნი სპორტულ შეჯიბრებაში. თორნიკეს თქმით, იყო ისეთი სახეობები, სადაც გოგოებსაც შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ ინტერესი არ იყო. "თითოეულ აუდიტორიასთან უნდა გამოაკრა განცხადება და ძალით უნდა აიყოლიო" - აღნიშნა თორნიკემ.

ილიაუნის რაგბის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა და არც ამით დაინტერესდნენ სტუდენტები. "წარმატებები არის. რაგბის ჩემპიონატი მოვიგეთ, ასევე ჭიდაობის რამდენიმე სახეობაშიც წარმატებით მოვიღეთ მონაწილეობა, მაგრამ დაფინანსება არ გვაქვს იმისთვის, რომ სპორტსმენები მეტად წავახალისოთ" - გვითხრა თორნიკემ.

თუმცა, რომელ წახალისებაზეა საუბარი მაშინ, როდესაც სპორტული შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად სპორტსმენებს პირობები არ გააჩნიათ. საკუთარი სტადიონიც კი არ აქვთ და ყოველ ტურნირზე მისი ქირაობა უწევთ. "უნივერსიტეტში სპორტის ფაკულტეტიც გაუქმდა. როგორც იცით, წაგვართვეს "ქარიშხალა". ასე რომ, ნაქირავებ სტადიონზე უწევთ ვარჯიში. ადრე იყო მუდმივი მწვრთნელი, მაგრამ ახლა მასაც ქირაობენ" - - აღნიშნა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ.

ილიაუნის სტუდენტი გიორგი ნათენაძე კმაყოფილია თავისი უნივერსიტეტის სპორტული მიღწევებით და თავადაც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული სპორტულ შეჯიბრებაში. "ილიაუნიში სპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მე პირადად, მონაწილეობას ვიღებდი ფეხბურთის ტურნირზე, რომელზეც ჩემი გუნდით გამოვდიოდი, სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ მაინც კმაყოფილები დავრჩით, მივიღეთ გამოცდილება, რაც მომავალში გამოგვადგება. რა თქმა უნდა, კიდევ ვაპირებთ ანალოგიურ ტურნირებზე ასპარეზობას" - განაცხადა გიორგიმ.

თორნიკე ჩიქოვანი მთავარ პრობლემას მაინც ფინანსებში ხედავს და სამომავლო გეგმებიც ამ კუთხით აქვს. "იგეგმება ძალიან ბევრი რამ. მე, მაგალითად, მინდა: ფეხბურთის, კალათბურთის, მკლავჭიდის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირების ჩატარება. პროექტების დაწერას ვაპირებთ და გეგმებში შედის ისიც, რომ ეს პროექტები ადმინისტრაციას დავაფინანსებინოთ" - აღნიშნა თორნიკე ჩიქოვანმა.