ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობა - რთული კითხვაა...
19 ოქტომბერი, 2013
ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობა - რთული კითხვაა... ბეჭდვა FaceBook Twitter
„რთული კითხვაა...“
„თვითმმართველობას რას უწოდებთ? მე მარტო პირველ კურსზე ვიცოდი რა იყო და ისიც დროგამოშვებით... საერთოდ რამე ხდება მანდ?”

„რამდენმა იცით, ვინ არის თვითმმართველობის წევრი? გინახავთ? იცნობთ? მე, მაგალითად, არავის ვიცნობ... ვინ არიან, რა არის მათი მოვალეობა?! მე, როგორც ვიცი, სტუდენტებისთვის კოორდინატორები უნდა იყვნენ... და არა მარტო პირველკურსელებისთვის...“

„წინა წლებში უამრავი იდეა მიდიოდა მათთან, ზუსტად ვიცი, მაგრამ ყველაფერს მაინც ისე აკეთებდნენ, როგორც თვითონ უნდოდათ. სტუდენტებთან არ აქვთ კარგი კომუნიკაცია“.

„აშკარაა, ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ თვითმმართველობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

„მხოლოდ დადებითი...“

„რა მოხდა ერთ ნაწილს არ მოსწონს, მეორეს მოსწონს... ყველას ერთნაირი აზრი ხომ არ აქვს... ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება“.

ასეთი შინაარსის კომენტარები მოჰყვა „ფეისბუქის“ გვერდზე ჩვენ მიერ განთავსებულ კითხვას - “რას მეტყვით სტუ-ს თვითმმართველობაზე?”

ჩვენმა კითხვამ სტუდენტებში მცირე დისკუსიაც კი გამოიწვია. „იმედია, ეს ჯანსაღი კამათი იმოქმედებს...“ - ასეთი აზრიც გამოითქვა.

სალომე პაკელიანიც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და მიიჩნევს, რომ ზოგადად, თვითმმართველობის შექმნის იდეა არაჩვეულებრივია და დროულადაც შეიქმნა: “მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ცოტა სხვა კუთხით ესმით ეს საკითხი. რასაც მე ვხედავ, ეს არის სტუდენტების ჯგუფი, რომელთა მუშაობაც მხოლოდ პირადი საკითხებით შემოიფარგლება. მე როგორც სტუდენტს, არ მაქვს განცდა, რომ ეს აპარატი სტუდენტებისთვის შეიქმნა. სტუ-ში ეს წარმოადგენს სუდენტების გაერთიანებას, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთს უსმენენ. მათ ბიუჯეტის სწორად განკარვა უნდა შეეძლოთ, რაც ჩემთვის ბუნდოვანი საკითხია. მივიჩნევ, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, უბრალოდ, ვერ ვხდები სულ ერთი გზით რატომ მიდიან?!“

ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრ სალომე დანელიას გავესაუბრეთ: „თვითმმართველობაში ვართ, დაახლოებით, ნახევარი უნივერსიტეტი, ვისაც აქვს სურვილი, იყოს თვითმმართველობის წევრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“.

როგორც თვითმმართველობის წევრი ამბობს, მათი მუშაობა საკმაოდ გამჭვირვალეა: “თვითმმართველობების ბიუჯეტს ამტკიცემს განათლების სამინისტრო, ხოლო დონორი არის ეკონომიკის სამინისტრო. ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობას ნაღდ ფულთან შეხება არ აქვს. ჩვენ გეგმის სახით ვადგენთ რა პროექტია, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია უნივერსიტეტისთვის. შემდეგ დეტალურად გაწერილს, თავის ხარჯთაღრიცხვიანად ვაწვდით ადმინისტრაციას და ამის მერე გამოიყოფა თანხა. თითოეულ ბავშვზე უნდა იყოს 2.5 ან 3 ლარი დაფინანსება“.

სალომე დანელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეგმას ადმინისტრაციას აწვდიან, ისინი არასოდეს ერევიან თვითმმართველობის საქმიანობაში: “ადმინისტრაციას ჩვენს საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს. პირიქით, გვეხმარებიან დაფინანსების მოპოვებასა თუ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში“.

თვითმმართველობის წევრის განცხადებით, უამრავი საინტერსო პროექტი კეთდება და ამაში მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია: “ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ კონცერტებს, ძალიან კარგი ჯგუფები გვაქვს, ასევე ცეკვის ანსამბლი, თეატრალური დასი. ვაწყობთ ნარდის, ჭადრაკის, ბილიარდის, ბოულინგის ტურნირებს. ვაწყობთ ხოლმე საქველმოქმედო საღამოებს. რა თქმა უნდა, უფრო კარგი პროექტების გაკეთება შეიძლება, რისთვისაც ჩვენ ვთხოვთ ჯგუფხელებს, შემოიტანონ გაწერილი გეგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იჩენენ ინიციატივას, არ არიან აქტიურები. ზოგიერთი სტუდენტი ისე ამთავრებს უნივერიტეტს, რომ არ იცის, რა არის თვითმმართველობა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „students together” პროექტის „სტუდენტები გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის მუშაობითაც დაინტერესდა, თუმცა, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი რუსა გონგლაძე ამბობს, ისინი ინფორმაციის გამჭვირვალობით არ გამოირჩევიან: „ჩვენ დავინტერესდით თვითმმართველობითაც, მათ მოთხოვნა გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. შემდეგ უკვე ინტერვიუთი მივიღეთ ინფორმაცია, თუმცა, ისიც ძალიან ზედაპირული. ზოგადად, უნივერსიტეტის საქმიანობა გამჭვირვალედ შევაფასეთ, მაგრამ თვითმმართველობის შემთხვევაში იმავეს ვერ ვიტყვით“.

ამჟამად, ტექნიკური უნივერსიტეტის თვთმმართველობა თავმჯდომარის არჩევნების მოლოდინშია, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება.