,,ბიზნეს ინკუბატორი“ - ანუ სივრცე მათთვის, ვისაც სურს ბიზნესში საქმიანობა
29 ოქტომბერი, 2013
,,ბიზნეს ინკუბატორი“ - ანუ სივრცე მათთვის, ვისაც სურს ბიზნესში საქმიანობა ბეჭდვა FaceBook Twitter
პირველად საქართველოში ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე შეიქმნა ,,ბიზნეს ინკუბატორი“ - სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ, ინოვაციური პროექტები განახორციელონ.
„ჩვენი ბიზნესსკოლის ბაზაზე არსებობს კვლევითი ცენტრი „ილიაუნი ბიზნესრევიუ“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით ხშირად ტარდება კვლევა.
სწორედ ამ კვლევებმა გვიჩვენა და მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ქართულ ბიზნესსექტორს ყველაზე მეტად ინოვაციურობა აკლია. ეს ინოვაციურობა კი სწორედ ახალი იდეების გენერირებას მოაქვს. ქართული ბიზნესის გარშემო კი არ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ადამიანს შეეძლება, რაიმე იდეის არსებობის შემთხვევაში მივიდეს და მიიღოს კონკრეტული რჩევები და შენიშვნები. ჩვენთან არ არსებობს გარემო, სადაც ადამიანებს კონკრეტული იდეების არსებობის შემთხვევაში კომპეტენტური ადამიანები გაუწევენ დახმარებას, რათა მათი იდეები აქციონ რეალურ ბიზნესად. „ილიაუნის ბიზნესრევიუს“ ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გვანახა, რომ ახალი ბიზნესის დაწყებისას მხოლოდ 15%-ს ჰქონდა, თუნდაც, მარტივი ფორმის, ქაღალდზე გადატანილი გეგმა, ანუ, 80%-ზე მეტმა ბიზნესი დაიწყო ისე, რომ კონკრეტული გრძელვადიანი სტრატეგია არ გააჩნდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა ბიზნესის სკოლას, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება და დააარსოს ბიზნეს ინკუბატორი“ - განაცხადა ილიაუნის დეკანის თანაშემწემ და პროექტის ,,ბიზნეს ინკუბატორი - შექმენი საკუთარი ბიზნესი 72 დღეში“ კორდინატორმა ლიკა ბურდულმა.

ბიზნეს ინკუბატორის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბებაში. იგულისხმება, რომ ეს კომპანიები დატოვებენ პროგრამას, როგორც ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი ერთეულები. ინკუბატორის პროგრამის მონაწილეებს აქვთ უნარი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, განავითარონ შესაბამისი სექტორი, მოახდინონ ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ამგვარად გააძლიერონ, როგორც ადგილობრივი (რეგიონის), ასევე ქვეყნის ეკონომიკა.
მსოფლიო პრაქტიკაში, უკვე მრავალი წელია აქტიურად იყენებენ ბიზნეს ინკუბატორს პრაქტიკას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. თუმცა, მომავალში პროექტის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ არეალის გაფართოებასაც. როგორც ლიკა ბურდულმა თქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ექსპერიმენტული ხასიათის პროგრამა, პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს აქცენტი ბიზნესის სკოლის სტუდენტებზე გაეკეთებინათ.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა პირველ ნოემბრამდე კომისიას, რომელიც როგორც ბიზნესსკოლის, ასევე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის საქპატენტის წარმომადგენლებისაგანაა დაკომპლექტებული, უნდა წარუდგინონ განაცხადი. მეტი ინოვაციური გასაქანისა თუ თავისუფლების მინიჭების მიზნით ორგანიზატორები პირველ ეტაპზე მონაწილეებს მათი იდეების მხოლოდ მოკლე აღწერის სახით წარდგენას სთხოვენ, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი კრიტერიუმები: ინოვაციურობა, აქტუალობა, განხორციელების დრო და შესაძლებლობა, მომხმარებლისათვის ინოვაციის გამოყენების სიხშირე და მასშტაბურობა (არსებულ, რეალურ რესურსებთან შესაბამისობა). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა სტუდენტს შეუძლია, ერთდროულად წარადგინოს რამდენიმე იდეა. რაც თითოეულ მათგანს აძლევს მეტ შესაძლებლობას მათი იდეების განხორციელებისა.

ბიზნეს ინკუბატორის მეთოდის საქართველოში დანერგვას დადებითად აფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებიც. როგორც მარიამ გაბუნიამ გვითხრა, ეს ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის საუკეთესოა. „მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი აქამდე ილიას უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის. ჩემი საპროექტო იდეა უკვე მზად არის, განაცხადიც შევავსე და უკვე გადავაგზავნე. მიმაჩნია, რომ ეს იდეა იქნება ძალიან მომგებიანი და იმედი მაქვს, დაფინანსდება“- აღნიშნა მარიამმა.

იმავე აზრისაა ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი ხიჯაკაძე: „პირველ რიგში, ეს პროექტი მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების კუთხით. გარდა ამისა, მის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები და გაგვიწევენ პრაქტიკულ თუ ფინანსურ დახმარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, აკეთოს ბიზნესი“.

პროექტის პარტნიორია საქპატენტი, მხარდამჭერები მიჩიგანის როსს ბიზნეს სკოლა და ლიმერიკის უნივერსიტეტი. ბიზნეს ინკუბატორის ფარლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი ბიზნესი 72 დღეში და ისარგებლონ ბიზნესსკოლაში არსებული 3D ცენტრის სივრცით, რომელიც უზრუნველყოფს პროექტებში მონაწილე მხარეების სამუშაო გარემოს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა იმავე ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებს სწავლების მეთოდიკაში. იმ ტრენინგებს, რომლებსაც პირველ ეტაპზე პროექტის რეალურ განხორციელებამდე ჩაუტარებენ პროექტის მონაწილეებს, მომდევნო სასწავლო წლიდან უკვე ჩართავენ ბიზნესის სკოლის სასწავლო პროცესში.