ვინ და როგორ ფინანსდება ტექნიკურ უნივერსიტეტში?
02 ნოემბერი, 2013
ვინ და როგორ ფინანსდება ტექნიკურ უნივერსიტეტში? ბეჭდვა FaceBook Twitter
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ უფასო სწავლება პრიორიტეტების მიხედვით გამოაცხადა. პროგრამაში მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტიც, ის ყველაზე ბევრ დაფინანსებულ ფაკულტეტს მოიცავს. “ამ მხრივ ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ ფაკულტეტებიდან, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, უმეტესობა არის ჩვენს უნივერსიტეტში.
ჯამში 1166 ადგილი დააფინანსა სახელმწიფომ. ადგილი და არა სტუდენტი, ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ეს არ არის სტუდენტზე მიბმული დაფინანსება, თუ სტუდენტი გადავა სხვა უნივერსიტეტში, ის ამ ფულს თან ვერ წაიღებს. სტუდენტი თუ გამოიცვლის სასწავლებელს, ეს თანხა რჩება უნივერსიტეტში“ - გვითხრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

თუ ახალგაზრდას ეროვნული გამოცდებით მოპოვებული გრანტი აქვს (არ აქვს მნიშვნელობა რამდენ პროცენტიანი), პლუს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ფაკულტეტზე მოხვდა, ის არაფერს იხდის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიცვლის უნივერსიტეტს, გრანტი გადაჰყვება, სახელმწიფო პროგრამა კი მოეხსნება.

როგორც ყველა უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტშიც სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლითაც ან სრულად ფინანსდება სტუდენტი, ან ნაწილობრივ. “ამაზე გადაწყვეტილებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს, ასევე აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვისა და სოციალული მომსახურების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები. სტუდენტი მიმართავს ამ კონკრეტულ დაწესებულებას, შემდეგ უკვე უწყება თავად წყვეტს, ვინ დაფინანსდება და ვინ არა. თუმცა, ეს პროცესი მალე არ ხდება და, როგორც წესი, დეკემბრის თვეშია ხოლმე პასუხი. ახლაც განათლების სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და იმ სტუდენტებისთვის გადასახადის გადავადება გვთხოვეს, ვისი საქმეც განიხილება. ეს სტუდენტები შემდეგ მოდიან, განცხადებას წერენ და სტუდენტის სტატუსს არ ვუჩერებთ“ - გვითხრა ქეთევან ქოქრაშვილმა.

გარდა სახელმწიფო პროგრამებისა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ალტერნატიული დაფინანსების პროგრამაც მოქმედებს, რომელზეც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სპეციალური კომისია მუშაობს: “უკვე სამი წელია, რაც ჩვენთან საუნივერსიტეტო მასშტაბის პროგრამა არსებობს. ამაზე მუშაობს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არც რექტორი შედის, არც კანცლერი. თავიდანვე გადაწყდა, რომ ეს კომისია იმუშავებდა ცალკე. ისინი განიხილავენ ისეთი სტუდენტების საკითხს, რომლებიც დაფინანსებაში მოხვდნენ. ამ კომისიას აქვს თავის დებულება, რომელშიც უწერია, რომ ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი, ობოლი, ან ქრონიკული დაავადების მქონე სტუდენტები. ამასთანავე, სტუდენტს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება“.

გიორგი გახუტაშვილი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრიტრებაზე სწავლობს, უნდობლობას უცხადებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამას და გვითხრა: “არ მიცდია მაგ პროგრამაში მოხვედრა და არც ვაპირებ, რა აზრი აქვს. არ ვენდობი იმიტომ, რომ ბევრი დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა“.

ნინი ამბოკაძე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაშია: “მე ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიაზე ვსწავლობ, რომელიც იმ 14 ფაკულტეტთა შორის მოხვდა, რომელიც სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა და მთლიანად აფინანსებს. ამის გამო ამ უნივერსიტეტისგან დაფინანსება აღარ მჭირდება“.

ნინის მსგავსად თორნიკე ხუციშვილიც დაფინანსებულ ფაკულტეტზეა: "მე მათემატიკაზე ვსწავლობ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქ მოხვდები, სწავლა უფასოა. ჩემი ქულებით სხვა მიმართულებაზე, რომ ჩამებარებინა გრანტიც არ მექნებოდა, მაგრამ ჩემს ფაკულტეტს სახელმწიფო აფინანსებს“.

ლადო ნიქაბაძის თქმით, მის სკოლას არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს, რომელიც კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სკოლა დაასრულეს და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელეს, სწავლის თანხას ურიცხავს. ამგვარად, მასაც უფასოდ უწევს სწავლა, თუმცა, არა იმ პროგრამის წყალობით, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს.