ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი სტუდენტების გარეშე
09 ნოემბერი, 2013
ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი სტუდენტების გარეშე ბეჭდვა FaceBook Twitter
ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 2006 წელს ასე ეწოდა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების გაერთიანებას.

როგორც ჩვენთან საურისას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა აღნიშნა, მთელს უნივერსიტეტში ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში სწორედ ეს ფაკულტეტია: „პრინციპში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტს ყველაზე მეტად უჭირს, მას წლებია ინახავს სხვა ფაკულტეტები. ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტის ფინანსები ხელფასებს არ ჰყოფნიდა, არათუ ფაკულტეტის განვითარებას. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბაზარზე არ არის ამ სპეციალობის მოთხოვნა (განსაკუთრებით ეს ეხება მეტალურგიას)“.

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორის ხელფასები გაიზარდა, თუ ადრე 600 საათში 900 ლარი ჰქონდათ, ახლა საათების რაოდენობა 400 საათზე დავიდა, ხელფასი კი 1200 ლარამდე გაიზარდა. ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორებს ეს ცვლილება ნაკლებად შეეტყოთ: “წელს შეიკრიბა ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტი და თქვეს, რომ თანახმანი იყვნენ ხელფასი ჰქონოდათ 1000 ლარი, დანარჩენი კი ფაკულტეტს მოხმარებოდა. აკადემიურმა საბჭომ მოისმინა მათი პოზიცია, ფაკულტეტს წარადგენინა რეკომენდაცია და დასთანხმდა მათ ამ თხოვნას. ამიტომაც დღეს თუ გეპეის ყველა ფაკულტეტზე ხელფასი არის 1200 ლარი, ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტზე ნაკლებია“ -გვიპასუხა კანცლერმა.

ქეთევან ქოქრაშვილის თქმით, უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებას იმისთვის, რომ ეს ფაკულტეტი გადარჩეს და არ გაუქმდეს.

ქიმიის ფაკულტეტი ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვს, სადაც წელს 100 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

როგორც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი 20 წლის მაგდა ამბობს, ამ ფაკულტეტზე ყველაზე ნაკლები კონკურენცია იყო, რის გამოც ფაკულტეტზე მოხვედრილი აბიტურენტები მაღალი ქულებით არ გამოირჩეოდნენ: “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახვედრად ყველაზე მაღალი ქულებია საჭირო, შეიძლება ითქვას, რომ არც მე მქონდა მაღალი ქულები, მაგრამ ამ ფაკულტეტზე მოვხვდი იმის წყალობით, რომ დაბალი კონკურენცია იყო. ვფიქრობ, ქიმია, ფიზიკა რთული საგნებია და ამიტომ არ ხიბლავს აბიტურიენტს სწავლის ამ ფაკულტეტებზე გაგძელება“.

ნათია ბიჭიაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია და მიუხედავად იმისა, რომ ქიმიასთან მის პროფესიას ბევრი საერთო აქვს, ფიქრობს, რომ ქიმიის ფაკულტეტზე განსაკუთრებული შესაძლებლობის ბავშვები უნდა სწავლობდნენ: “მე, მაგალითად, იმიტომ არ ავირჩიე ქიმია, რომ ის არის ყველაზე რთული, მით უმეტეს ბიოქიმია. ძალიან დიდი მისწრაფება და სურვილი უნდა გქონდეს ქიმიის შესწავლის, რომ ეს შეძლო, სხვანაირად შეუძლებელია, შესაბამისად, ვერც კარგი ქიმიკოსი გამოხვალ“.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მოტივაციის შექმნას, ქეთევან ქოქრაშვილი ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა: “პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და ქართული მეტალურგიის აღორძინებას“.