საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის თინათინ ენდელაძის განცხადებით, მან სწავლის საფასურის გადავადების თაობაზე სოციალურ საქმეთა კომისიას მიმართა, გაურკვეველი მიზეზების გამო მისი განცხადება დაიკარგა, თუმცა, კომისიას ხელმეორედ მიმართა და თხოვნა დაუკმაყოფილეს.


საქართველოს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის გადახდის წესით სხვა უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა. ამ სასწავლებელში მაღალკურსელებისთვის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 15 ივნისი, მაგალითად, 2013-2014 სასწავლო წლის საფასური უნდა დაიფაროს 2013 წლის 15 ივნისამდე. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის ქეთი მეფარიშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს თანხის გადახდას, წერს განცხადებას თანხის გადავადებასთან დაკავშირებით და მიმართავს სოციალურ საქმეთა კომისიას. კომისია განიხილავს განცხადებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ამის შემდეგ ხდება თანხის გაყოფა და სტუდენტის სურვილისამებრ რამდენიმე თვეზე გადანაწილება.

ყოველწლიურად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების 60% თანხის გადავადებას ცდილობს. მათ უმრავლესობას მოთხოვნა უკმაყოფილდება, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც განცხადების გრაფაში "დაკმაყოფილებულია" არ ეწერებათ. ასეთ სტუდენტებს უნივერსიტეტის დატოვებისა და მობილობით სარგებლობის გარდა სხვა გზა არ რჩებათ.

თამუნა გაზდელიანი 2007 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 2008 წელს კი უნივერსიტეტი გადასახადის გადაუხდელობის გამო დაატოვებინეს. როგორც თამუნა ჩვენთან საუბარში ამბობს, ის პროფესიულზე სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბაკალავრიატის მე-2 კურსზე დასვეს. სწავლის საფასური 5000 ლარს შეადგენდა და თანხის გადახდა სწავლის დაწყებამდე მოსთხოვეს. "განცხადების საფუძველზე თანხა გადამივადეს, მაგრამ ბოლომდე დაფარვა ვერ მოვახერხე. მიუხედავად თხოვნისა, განცხადებებისა და რექტორთან შესვლისა, სწავლის საშუალება არ მომცეს და იძულებული გავხდი უნივერსიტეტი დამეტოვებინა. როცა საბუთებს მივაკითხე, არ მატანდნენ, ერთ-ერთმა ასისტენტმა შემთხვევით მომცა. გავლილი საგნების კრედიტებიც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩამითვალეს" - აღნიშნავს საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი. მისი თქმით, მსგავსი პრობლემის მქონე უამრავ სტუდენტს იცნობს, რომლებსაც უნივერსიტეტის დატოვება მოუწიათ.

2008 წლის შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტში სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა. სწავლის საფასურის გადახდის ამ სისტემის გამო საქართველოს უნივერსიტეტს ახლაც ბევრი სტუდენტი ტოვებს. თუმცა, განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტი გიორგი ყანჩაველი.

"სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის გამო უნვერსიტეტიდან გარიცხვა არ ემუქრებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი განცხადებით მიმართავენ სოციალურ საქმეთა კომისიას. წელიწადში 500 განცხადებაზე მეტი შემოდის. კომისია ყველას აკმაყოფილებს. ხდება თანხის გაყოფა და გადანაწილება თვეების მიხედვით"-აღნიშნა გიორგი ყანჩაველმა.