თსუ-ს მაღლივი კორპუსის პრობლემები
თსუ-ს მაღლივი კორპუსის პრობლემები ბეჭდვა FaceBook Twitter
,,გათბობა, რა თქმა უნდა, ჩართულია, ოღონდ ახლოს თუ არ მიხვედი, ნაკლებად გრძნობ სითბოს. თვითონ კორპუსის შედარება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებთან არც ღირს. პირველ კორპუსთან შედარებით, აქ არც გათბობაა ნორმალური და არც რემონტი" - ამბობს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ანა მახარაშვილი.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპუსში სტუდენტებს სიცივე და შიმშილი აწუხებთ. ისინი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გარემონტებას ითხოვენ, მათი თქმით, თუ აუდიტორიების ნაწილი გარემონტდება, სითბოც შენარჩუნდება. ახლა მხოლოდ მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე სართულებია გარემონტებული. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის აკაკი ხელაძის თქმით, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო პრობლემები სწრაფად ვერ გვარდება. ჯერჯერობით ფაკულტეტს არ აქვს მთელი შენობის გასარემონტებელი სახსრები და ამიტომ ხდება კონცეტრირება იმ საკითხებზე, რომლებიც სასწრაფო და მნიშვნელოვანია. ამჯერად გათავისუფლდა კორპუსის მესამე სართული და იგეგმება მისი გარემონტება.

სტუდენტები ასევე ითხოვენ სტუდენტურ კაფეტერიას, სადაც შეეძლებათ, დალიონ ჩაი ან ყავა. კორპუსში სწრაფი კვებისთვის აპარატებიც დგას, მაგრამ როგორც დავით ლუთიძე ამბობს, მხოლოდ ის აპარატი მუშაობს, რომელიც პირველ სართულზე დგას და საკვების რაოდენობითაც არ ჰყოფნით სტუდენტებს. ,,თუ შენ მაღლივი კორპუსი გინახავს და ეჭვიც არ მეპარება, რომ გინახავს, იცი, რომ იქ მოსაწონი არაფერია. გვცივა, გვშია... აპარატები დგას, მაგრამ მხოლოდ პირველ სართულზე მუშაობს, იქაც დასწრებაზეა ყიდვა" - ამბობს დავით ლუთიძე.

"ნამდვილად არის კვების პრობლემა, რომელიც ბიუროკრატიული პროცედურული თვალსაზრისის გამო ვერ წყდება. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ცენტრალური სამსახური. ამ ეტაპზე ხერხდება მხოლოდ სწრაფი კვების აპარატების დაყენება" - ამბობს აკაკი ხელაძე.

სიცივისა და შიმშილის გარდა სტუდენტებს სხვა სადარდებელიც აქვთ. მათთვისაც, ისევე როგორც თსუ-ს სხვა ფაკულტეტებისთვის, მუდმივ პრობლემად ადმინისტრაციული საკითხები რჩება. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სტუდენტებს ყოველი კვირის ბოლოს ბაზაში აქტიურობის ქულები ეწერებათ. ფაკულტეტი გადასულია ელექტრონულ სისტემაზე.

დეკანმა აღნიშნა, რომ სტუდენტებმა რამდენჯერმე დაწერეს გაცხადება ქულების ყოველკვირეული შეტანის სისტემის გაუქმების თაობაზე.

მან აღნიშნა, რომ ელექტრონული სისტემა პედაგოგისგან ითხოვს ელემენტარულს, რომ ის, რასაც აქამდე ქაღალდზე კეთდებოდა, გაკეთდეს ელექტრონულად. როგორც ადრე, ახლაც აღდგენა დასაშვებია, მაგრამ ბაზაშ

ი უნდა დაფიქსირდეს, რომ ის აღდგენილი ქულაა. თუმცა, ჯერჯერობით მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუ რამდენი გაცდენის აღდგენა მოხდება, ეს დამოკიდებულია თავად პედაგოგზე.

"ჩემი მიდგომა არის ასეთი: სწავლის ხარჯზე არ უნდა დაზარალდეს სამსახური და პირიქით, სამსახურის ხარჯზე არ უნდა დაზარალდეს სწავლა. სტუდენტის პირველი მოვალეობაა, ისწავლოს და იაროს ლექციებზე. ამას, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა სჭირდება. თუ სტუდენტი მუშაობს დილით და დღის მეორე ნახევარში თავისუფალი დრო აქვს, ჩემი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ცხრილი მოვარგო მის განრიგს. მაგალითად, თუ არის 8 ჯგუფი, აქედან 6 ჯგუფი გაიხსნება დილის საათებში, ხოლო 2 - საღამოს. თუ სტუდენტი ამბობს, რომ მამუშავე და მერე ვისწავლი, მე ამის ხელშეწყობას გავუკეთებ" - განაცხადა ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა აკაკი ხელაძემ.