600-ლარიანი შეღავათი სწავლის გადასახადზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს
21 დეკემბერი, 2013
600-ლარიანი შეღავათი სწავლის გადასახადზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ინიციატივით აკადემიურმა საბჭომ შეიმუშავა დადგენილება „სტუდენტთა დახმარების ფონდის“ შექმნის შესახებ. ფონდი უკვე სამი წელია სტუდენტთა დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორისაა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტმა 100 000 ლარის ფარგლებში წელს 276 სტუდენტი გადასახადის გარკვეული ნაწილისაგან გაათავისუფლა.

ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტმა სოციალურ საკითხთა დეპარტამენტთან, დეკანსა და მენეჯერის აპარატთან კონსულტაციისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა, თუმცა, ვერ იხდიან გადასახადს. „სტუდენტების დახმარება ჩვენი, მენეჯერის აპარატის, პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომ ფაკულტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა სტუდენტებს. ჩვენ ვეცადეთ 100 000 ლარის ფარგლებში ყველა იმ სტუდენტისათვის, ვინც ამას საჭიროებს, 200-დან 600 ლარამდე ჩამოგვეჭრა სწავლის გადასახადი“ - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯერის აპარატის მთავარი სპეციალისტი ზაზა ქოიავა.

როგორც ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯერი გიორგი კურდონაშვილი ამბობს, ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც ფაკულტეტს შეუძლია: „რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც ასი ათასი ლარის ფარგლებში შეგვიძლია. მთლიანად, უბრალოდ, ვერ გავათავისუფლებთ, რადგან ამას ფაკულტეტის ბიუჯეტი ვერ გასწვდება“.

„თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბევრ ნიჭიერ და მოწადინებულ სტუდენტს მატერიალური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტში, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები ტარდება. ამით ჩვენ, სტუდენტები, ვგრძნობთ მათ ყურადღებას“ - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სერგი ბოლქვაძე.

სერგი ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც ის ამბობს, აღნიშნული პროექტის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო: „განცხადებით მივმართე მენეჯერის აპარატს. ისე რომ, მეც არ ველოდი, მოვხვდი დაფინანსებულთა სიაში და იმის გამო, რომ ვაკმაყოფილებდი გარკვეულ კრიტერიუმებს, სწავლის საერთო საფასურიდან 2250 ლარიდან 600 ლარი ჩამომაჭრეს“.

„ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები სწავლის საფასურის ნაწილისაგან გავათავისუფლეთ“ - ამბობს ზაზა ქოიავა. სპეციალურ კრიტერიუმებში კი გულისხმობს სოციალურად დაუცველის სტატუსს, მარჩენალდაკარგულს, ჯანმრთელობაშერყეულს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრს ან იძულებით გადაადგილებულის სტატუსის ქონას. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ კრიტერიუმს აკმაყოფილებს სტუდენტი, მის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, რომელსაც წრმომადგენლობითი საბჭო და სპეციალურად შედგენილი კომისია განიხილავს, 200 ლარიდან 600 ლარამდე თავისუფლდება სწავლის გადასახადისაგან.