ოთახი 308
ოთახი 308 ბეჭდვა FaceBook Twitter
2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კორპუსის 308 ოთახში პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის, ქეთევან მუსურიძისა და რამდენიმე სტუდენტის მონაწილეობით პოლიტიკის მეცნიერებების სარესურსო ცენტრსა და მცირე სამკითხველოს ჩაეყარა საფუძველი. ახალგაზრდები იხსენებენ, რომ დაარსებისას ბიბლიოთეკა 200-მდე წიგნს ითვლიდა, თუმცა, დღეს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და დაინტერესებულ პირებს თაროებზე კურიკულუმის საგნების გარდა, დამატებითი ლიტერატურის მოძიებაც შეუძლიათ. მალე დამფუძნებლებმა ბიბლიოთეკარების ფუნქციები შეითავსეს და მოქნილი სისტემისა თუ საინტერესო ლიტერატურის წყალობით ოთახი 308 პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების სტუდენტების თავშეყრისა და პოლიტიკურ თემებზე დისკუსიების გამართვის ადგილად იქცა. სწორედ ამ აუდიტორიაში დაიბადა კონფერენციებისა და სხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებების განხორციელების იდეები.

ხუთსემესტრიანი მუშაობის შემდეგ სამკითხველოს დამფუძნებლებმა პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საინიციატივო ჯგუფის დაარსება გადაწყვიტეს. სახელზეც ბევრი აღარ უფიქრიათ და ყოყმანის გარეშე იმ ოთახის ნომერი აირჩიეს, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

,,308"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ გაიხსენა ჯგუფის დაარსების ისტორია და მათ მიერ განვლილ გზაზე გვესაუბრა. ის ამბობს, რომ მათი მიზანი პოლიტოლოგიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და 308-ე აუდიტორიაში განთავსებული წიგნების მოვლა-პატრონობა-განახლებაა.

საინიციატივო ჯგუფი აქტიურ საქმიანობას ახლა იწყებს და სამომავლოდ უამრავი გეგმაც აქვს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, ერთ-ერთი ბოლო 12 მარტს ჩატარებული კონფერენციაა, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის დღეს მიეძღვნა და წარმოდგენილ მოხსენებებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი ყველა ძირითადი პარტიის პლატფორმა და მათი საარჩევნო პროგრამა იყო განხილული. ,,308"-ის ბაზაზე უკვე წელიწადზე მეტია გამოდის სტუდენტური სამეცნიერო კრებული ,,თანამედროვე პოლიტიკა", რომლის რედაქტორი მალხაზ მაცაბერიძეა.

მომავალ პოლიტოლოგებს დიდ დახმარებას უწევს ,,308", როგორც ლიტერატურით უზრუნველყოფის, ასევე საინტერესო ღონისძიებების განხორციელებისა და სხვადასხვა თემაზე დისკუსიების გამართვის მხრივ. ,,საინიციატივო ჯგუფმა მიაღწია მთავარ მიზანს, პოლიტიკური მიმართულების სტუდენტებს გვაქვს სივრცე, სადაც შეგვიძლია შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ, მოვიძიოთ საჭირო ლიტერატურა, სასწავლო მასალები და დავგეგმოთ საინტერესო პროექტები. ვგეგმავთ აქტიურ მუშაობასა და სტუდენტებისთვის მრავალი ახალი ღონისძიების შეთავაზებას" - ამბობს ,,308"-ის წევრი ირაკლი ირემაძე.