აკადემიური გარემოს მსხვრევა თუ სამართლიანობის აღგენა თსუ-ში
აკადემიური გარემოს მსხვრევა თუ სამართლიანობის აღგენა თსუ-ში ბეჭდვა FaceBook Twitter
,,პირველ კონკურსზე ვერ გავედი, რადგან კომისია არაობიექტური იყო, ხოლო სიები წინასწარ შედგენილი, ვინ უნდა გასულიყო და ვინ არა. თავის დროზე ჩემი აზრი გამოვთქვი, ამიტომ მტრად ჩამთვალეს""- თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტ-ლექტორთა აქციებზე ხშირად ვისმენთ მსგავსი სახის განაცხადებებს ლექტორების მხრიდან. სრული პროფესორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები უმეტეს შემთხვევაში ამ შედეგების გაპროტესტებით მთავრდება.

2012 წელს თსუ-ს კავკასიის ინსტიტუტში, კავკასიოლოგიის ხალხთა ისტორიის დეპარტამენტში სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ორჯერ ჩატარდა: ერთხელ - აგვისტოში, მეორედ კი - დეკემბერში. წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან (სარდიონ ზედელაშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი) აგვისტოს კონკურსში გაიმარჯვა გიორგი ჟუჟუნაშვილმა, რაც კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა გააპროტესტეს და შედეგები გაუქმდა. კონკურსი მეორედ დეკემბერში ჩატარდა და მასშიც რუსეთის ისტორიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჟუჟუნაშვილმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება აირჩიონ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

კონკურისის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური ლიგისთვის"", რომლის წევრები კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტები არიან. ,,კავკასიური ლიგის"" ხელმძღვანელის, ნოდო თოთაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სტუდენტებისთვის მიუღებელი იყო, რადგან არჩეული კანდიდატი არ არის კავკასიოლოგი. ,,არ შეიძლება, კავკასიოლოგიაზე ასწავლოს არაკავკასიოლოგმა. არჩეული ლექტორი, გიორგი ჟუჟუნაშვილი არის რუსეთის ისტორიის სპეციალისტი. მართლია, ამ ლექტორთანაც გვქონია შეხება, ვიცნობთ, მაგრამ აქ საქმე ჩვენ გვეხება. კავკასიოლოგია სპეციფიკური დარგია, მოიცავს სამხრეთ კავკასიის, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ადიღეს ისტორიას. გვინდა, რომ ისევ სარდიონ ზედელაშვილი გვიკითხავდეს ლექციებს""- აღნიშნა ნოდო თოთაძემ.

კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტების აზრს იზიარებს ,,დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის"" წევრებიც. ,,დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის"" წარმომადგენლის, ნიკა მემანიშვილის თქმით, კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის უგუნური ქმედებები კავკასიოლოგიის ინსტიტუტის მიმართ აბსოლუტურად უნდა დაიგმოს.

,,თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს მდგომარეობის რეგულირება""- აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტის ქეთი ქურდიანის თქმით, მათ შეხვედრაც ჰქონდათ რექტორთან კითხვებზე პასუხების გასაცემად. რექტორის პასუხიც მიიღეს, ოღონდ სასურველისგან ოდნავ განსხვავებული. ,, ჩვენ გარკვეული დარღვევები ვიხილეთ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, რისი შედეგიც მომავალში არაკომპეტენტური პირის გამარჯვება გახდა. რექტორმა ამასთან დაკავშირებით გვირჩია, რომ გვეცადა და დავსწრებოდით გიორგი ჟუჟუნაშვილის ლექციებს. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენ ვიყოთ არა სტუდენტები, არამედ ცდის ობიექტები"" - ამბობს ქეთი.

კონკურსში გამარჯვებული ლექტორის გიორგი ჟუჟუნაშვილის პოზიცია განსხვავებულია. მისი თქმით, კონკურსის შედეგების გაპროტესტება აკადემიური გარემოს მსხვრევას გამოიწვევს. ,,კონკურსში გამოცხადებულ ორ ადგილზე სამი კონკურსანტი იყო წარდგენილი. ერთ-ერთი მე ვიყავი და გავიმარჯვე. ინსტიტუტის ხელმძღვანელის ცირა ბარამიძის მეუღლე, სარდიონ ზედელაშვილი დარჩა კონკურსს მიღმა. მათი პროტესტი, რომ მე ვარ რუსეთის ისტორიის სპეციალისტი და არ შემიძლია წავიკითხო ამ დეპარტამენტში ლექციები, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საქართველოში მოღვაწე ისტორიკოსმა არ შეიძლება, გვერდი აუაროს ამ თემატიკას. მასაც აქვს შესაბამისი ცოდნა ამ საკითხებში და მე, მითუმეტეს, შემიძლია, წავიკითხო ლექციები, რადგან ჩემი სპეციალობა არის საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია"- აცხადებს გიორგი ჟუჟუნაშვილი და დასძენს, რომ მისი კანდიდატურა ეტევა იმ ნორმებში, რაც საკონკურსო კომისიის მიერ იყო წამოყენებული.

საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებასა და დამოკიდებულებას ავრცელებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ცირა ბარამიძე. ,,თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის ქმედება მიმართულია კავკასიოლოგიის, როგორც სტრატეგიული დარგიის დისკრედიტაციისკენ. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოყენებულია საკონკურსო კომისიის მანიპულირება სუბიექტური ინტერესების გასატარებლად და ინსტიტუტში არასპეციალისტის შემოსაყვანად"". მისი თქმით, ამ ფონზე იგნორირებულია პროფესორთა და სტუდენტთა ინტერესები. ისეთ გარემოში, სადაც არ არსებობს დაცულობის გარანტია, ისინი დაცვას სამართალდამცავი ორგანოებისგან ითხოვენ. სწორედ ამიტომ, პროფესორის ადგილის დასაკავებლად და კომისიის შედეგების გასაბათილებლად მიმდინარეობს დავა სასამართლო დონეზე. სასამართლოს შედეგები კი მაისში გახდება ცნობილი.