„შენი ჭირიმე“ ვუთხრათ ერთმანეთს...
01 თებერვალი, 2014
გალერეა
„შენი ჭირიმე“ ვუთხრათ ერთმანეთს... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წერის ნიჭს ღვთის საჩუქარს უწოდებს და ძალიან უფრთხილდება. პოეზია მარადიული ძიება, შრომა და ცდაა რაღაც ახლის სათქმელად, ახალი რითმის მოსაგონებლად. ყველა ლექსი პროტესტია კონკრეტულის მიმართ. ლექსის წერას ცხელი გულით იწყებს და ცივი გონებით აფასებს: „თავიდან ლექსი რომ მოდის, იმხელა სიხარული მოაქვს, გეგონება შვილი დაბადეო, მოექეცით თბილად ლექსს, რომ ვიღაცას აღუძრას სიკეთის კეთების სურვილი“.

ახალგაზრდა პოეტი ჯარჯი შუქიაური წარმოშობით არხოტიანი ხევსურია, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 15 წლამდე ხევსურეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია. 15 წლის ჯარჯის ერთ მშვენიერ დღეს გულმა ვეღარ მოუთმინა და ხევსურეთში გაიპარა. ფეხით იარა, ჭიუხებში გაათია ღამე, მაგრამ ეს ამად ღირდა-ო - ამბობს, პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარი აღმოჩნდა: „ღამე მართალია მეშინოდა, მაგრამ ვაჟას ნატერფალში ვგრძნობდი თავს, მითები მიცოცხლდებოდა თვალწინ, სალოცავების ქვეშ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს“. ამის შემდეგ ჯარჯი ხშირად სტუმრობს მშობლიურ მხარეს.
მან პირველი ლექსი 6 წლის ასაკში დაწერა, სოფელში სიცივისგან შეწუხებულმა სპონტანურად გარითმა და ლექსი მზეს მიუძღვნა. ამის შემდეგ მუდმივად წერს, 13-14 წლისამ დაწერა „ბინდი ჩამოწვა“, ამ ლექსზე შექმნილი სიმღერა მისი მეგობარი ალუდა ქეთელაურის შესრულებით ბევრმა იცის: „მე არ ვთვლი რომ ეს ლექსია, ეს არის სიღერა, ალუდას სიმღერა, რომელიც ხალხმა შეიყვარა და მეც ამიტომ მიყვარს“.

მის ცხოვრებაში მეგობარს და მეგობრობის ცნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: „ყოველთვის ვფიქრობ მეგობრის გარეშე რა ვიქნებოდი მე?!“ საოცარი სულიერი სიახლოვე აკავშირებს თითოეულ მათგანთან, ძალიან განიცდის მეგობრების დაკარგვას. სახლში გარდაცვლილი მეგობრის ალუდა ქეთელაურის გიტარას ინახავს, ეს დიდი პატივია მისთვის, რელიკვიაა: „ასე მგონია, ალუდა ჩემ გვერდითაა, მივსებს დანაკარგს“.

ჯარჯის ლექსზე მისმა უფროსმა მეგობარმა მამუკა ჩარკვიანმა შექმნა სიმღერა „ყველა გიტარა“, რომელსაც თავადვე ასრულებს.
პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი კრებულია „ჭაღარა მთვარე“, რომელიც შვილის დაბადებამდე ერთი თვით ადრე გამოსცა: „ჯერ დავბადე ჩემი სულიერი შვილი ჩემი კრებულის სახით, შემდეგ კი ჩემი ვაჟკაცი დაიბადა“.

მისი ლექსების გავლენით მხატვარმა გიორგი დონაძემ შექმნა ნახატები. პირველი ნახატია „ცის უდაბნო“, რომელიც საოცარი იდეის განხორციელებაა, წარმართობიდან ქრისტიანობამდე.

შემოქმედებით საღამოებს არამარტო თბილისში, არმედ მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. ჯარჯი ხშირად სტუმრობს სკოლებს და ბავშვებს აცნობს საკუთარ პოეზიას: „ეს არის უდიდესი ემოციების გაცვლა“. ერთ-ერთი ბოლო გასვლა პანკისში ჰქონდა თავის მეგობრებთან ერთად, „ქართულ-ქისტური“ შეხვედრის ფარგლებში, საიდანაც ემოციებით დტვირთული დაბრუნდა. „ლექსებს რომ ვყვებოდი, ტუჩებს მაყოლებდნენ, და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის“ - აღნიშნა მან.
უახლოეს მომავალში შემოქმედებითი საღამოს გამართვას აპირებს, რაღაც განსხვავებულს გეგმავს, არა ისეთს, როგორსაც ყველა აკეთებს: „საღამო თეატრში შედგება და თეატრალური ხასიათი ექნება, ერთი კაცის თეატრის სტილში“.


სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary